26 იანვარი 2021,   10:52
ვრცლად
შეზღუდვები კობი-გუდაურის მონაკვეთზე - მგზავრების ნაწილი გზის გახსნას ამ დრომდე ელოდება

კობი-გუდაურის მონაკვეთის გახსნას მგზავრები და სატვირთო ტრანზიტული ავტომობილები მთელი დღეა ელოდებიან. დილიდან ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. როდის მოიხსნება შეზღუდვები, ჯერჯერობით, უცნობია.

ძლიერი ყინვისა და მძიმე პირობების გამო ათობით მგზავრი დედაქალაქს დაუბრუნდა, ნაწილი კი გზის გახსნას კობი-გუდაურის მონაკვეთზე ამ დრომდე ელოდება.

შეზღუდული აქვთ გადაადგილება სატვირთო ავტომობილებსაც. ლარსის გამშვები პუნქტისკენ მიმავალი მანქანების კოლონა უკვე რამდენიმე დღეა ჟინვალისა და ანანურის ტერიტორიაზე დგას. მძღოლების თქმით, საწვავის და საკვების მარაგი ეწურებათ.

ინტენსიური თოვის, ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო მძიმე ტექნიკა კობის უღელტეხილზე შესვლას ვერ ახერხებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზის გახსნა ამინდის პროგნოზზეა დამოკიდებული.

სინოპტიკოსები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერ ქარსა და თოვას ვარაუდობენ, რის გამოც ჯერჯერობით შეუძლებელია ზუსტი დროის განსაზღვრა, როდის მოიხსნება შეზღუდვა კობი-გუდაურის საავტომობილო გზაზე და რამდენი ხანი მოუწევთ მგზავრებს ტრანსპორტში ღამის გათენება. 

დღის ამბები