27 იანვარი 2021,   07:16
ვრცლად
შოთაძის დაბრუნება - საპროკურორო საბჭომ პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია 

12-დან 11 ხმით ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის ერთადერთ კანდიდატად აარჩია. საბჭოს წევრებს არჩევანი ფარული კენჭისყრით, 4 კანდიდატიდან უნდა გაეკეთებინათ.  

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საპროკურორო საბჭოს წევრი ოპოზიციიდან. ოთო კახიძემ კოლეგების გადაწყვეტილება მოგვიანებით შეაფასა. "ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ შერჩევის პროცესი ფარსი იყო და გადაწყვეტილება მთავარი ბრალმდებლის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ თავიდანვე მიიღო.

ირაკლი შოთაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება. უმრავლესობის დეპუტატები არ მალავენ, რომ შოთაძის თანამდებობაზე დაბრუნებას ეთანხმებიან, ამიტომ კენჭისყრის შედეგი ფაქტობრივად წინასწარ არის ცნობილი. გენერალურ პროკურორად დანიშვნისთვის ირაკლი შოთაძეს 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა არასამთავრობო სექტორისთვის, სადაც შოთაძის კანდიდატურის დასახელების დღიდანვე პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობდნენ. 

საპროკურორო საბჭოს სხდომა დღეს აქციის ფონზე მიმდინარეობდა. პროკურატურის შენობასთან ირაკლი შოთაძის არჩევა ადამიანის უფლებების ცენტრის წევრებმა გააპროტესტეს.

ირაკლი შოთაძეს პარლამენტი თანამდებობაზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დანიშნავს.  

დღის ამბები