27 იანვარი 2021,   08:59
ვრცლად
შოთაძის მეორედ მოსვლა - საპროკურორო საბჭოში ყველაზე მეტი ხმით ყოფილი მთავარი პროკურორი ლიდერობს

17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს, პარლამენტს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორი ირაკლი შოთაძე არ წარუდგინოს.

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეა. მის გარდა შერჩეულებს შორის არიან სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.

ვალერიან ვაჭარაძე ერთ-ერთია იმ ოთხი კანდიდატიდან, რომელიც დღეს საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრით 8 ხმით შეარჩია. ძლიერი კონკურენციის მიუხედავად, ვაჭარაძე დარწმუნებულია, რომ თავისი ხედვებით და გამოცდილებით ის ერთადერთი იქნება, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს.

შერჩევის გამჭვირვალობასა და საპროკურორო საბჭოს სწორ გადაწყვეტილებაზე საუბრობს 9 ხმით არჩეული სოფიო შენგელიაც. ხმების რაოდენობის მიუხედავად, ქალი კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მის ნაცვლად პარლამენტმა საბოლოოდ სხვა კანდიდატი, მათ შორის, ყოფილი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დაამტკიცოს.

40 წუთიან სხდომაზე საპროკურორო საბჭომ 4 წევრი ფარული კენჭისყრით გამოავლინა, მათ შორის ორი ქალი და ორი მამაკაცი. ხმათა უმრავლესობა ირაკლი შოთაძემ მიიღო, მას მხარი ათმა წევრმა დაუჭირა.

წარსული გამოცდილება, პრობლემური საკითხებისადმი დამოკიდებულება და ხედვები, ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რის გამოც ყოფილი მთავარი პროკურორი, საპროკურორო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, ანრი ოხანაშვილისთვის მისაღები კანდიდატი აღმოჩნდა. საპირისპიროს საუბრობენ ოპოზიციაში. ოთარ კახიძე, რომელიც საბჭოს წევრია, თუმცა პროტესტის ნიშნად დღეს სხდომას არ დასწრებია, ამბობს, რომ სწორედ შოთაძის წარსული საქმიანობა უნდა ყოფილიყო იმის საბაბი, რომ კანდიდატურა არ განხილულიყო.

იქნება თუ არა ირაკლი შოთაძე, ის ერთადერთი კანდიდატურა, რომელიც პარლამენტმა გენერალურ პროკურორად უნდა დაამტკიცოს, ეს ხვალ გახდება ცნობილი. საბჭოს წევრებმა ხვალინდელ სხდომაზე, დასახელებული 4 კანდიდატიდან მხოლოდ ერთზე უნდა გააკეთონ არჩევანი, ჯერჯერობით უცნობია, როდის გადაიგზავნება კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში.

საბჭოში მიმდინარე პროცესებს ფორმალობას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი მთავარი პროკურორი მეორედ მოვა, გახმაურებული საქმეების გამოძიება სრულყოფილად ვერ მოხდება. ექსპერტთა ნაწილი კი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.

გენერალური პროკურორობის კონკურსში თავდაპირველად 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა საკუთარი კანდიდატურა მალევე მოხსნა. 

დღის ამბები