21 იანვარი 2021,   02:58
ვრცლად
თბილისმა "ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020"-ის საერთაშორისო კონკურსში, მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს დედაქალაქმა "ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020-ის" საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, თბილისი ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ადგილად დასახელდა. ქალაქი, რომელიც ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით იზიდავს.

საერთაშორისო კონკურსში საქართველოს დედაქალაქით დაინტერესებულთა რიცხვმა ევროპის დიდ და ულამაზეს ქალაქებს გაასწრო. სტატიაში თავმოყრილია ყველა ის ტურისტული ადგილი და ღირშესანიშნაობა, რაც დამთვალიერებელმა თბილისში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ნახოს.

ტურისტები თბილისის შესახებ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ქალაქის შესახებ ბევრი სმენიათ და უკვე გადაწყვეტილი აქვთ ნახონ ის ადგილები, რომლებიც მათთვის საინტერესო იქნება.

"მე, წარმოშობით კენიიდან ვარ, თბილისის შესახებ ბევრი რამ მსმენია, ჩამოვედი დასათვალიერებლად და ვიცი, რომ აქ საუკეთესო ღვინოსაც დავაგემოვნებ," - ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.

"რამდენიმე დღეა, რაც აქ ჩამოვედი, ვიცი რომ უძველესი ეკლესიები გაქვთ. ახლა ქართლის დედას ვნახავ და შემდეგ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებას ვაპირებ," - აცხადებს თბილისში მყოფი ტურისტი.

ოსმანური სტილის ნაგებობები, ნეოკლასიკური, საბჭოთა და თანამედროვე შენობები. თბილისი, რომელიც ამაყობს წარსულით და ორიენტირებულია  ახალგაზრდებსა და მომავლის გამოწვევებზე.

თბილისში სტუმრობისას აუცილებლად მოსანახულებელთა ნუსხაში "ქართლის დედა", მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი და გოგირდის აბანოებიც მოხვდა.

"მე წარმოშობით იაპონიიდან ვარ, აქ ოჯახთან ერთად ჩამოვედი. სხვადასხვა ახალი ქალაქისა თუ ქვეყნის მონახულებისას ყოველთვის ვეცნობი თუ რას წერს საერთაშორისო პრესა. ვიცი, რომ ლამაზი არქიტექტურა გაქვთ და უგემრიელესი სამზარეულო. ზოგიერთი კერძი უკვე დავაგემოვნეთ," - აღნიშნავს იაპონელი ტურისტი.

საერთაშორისო კონკურსისთვის - "ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020" ხმის მიცემა 15 იანვრიდან დაიწყო და 5 თებერვალს დასრულდა. წელს თბილისი ევროპის ყველაზე ტრენდულ ქალაქს წარმოადგენს.

 ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები