27 იანვარი 2021,   08:26
ვრცლად
პროკურატურამ ომბუდსმენის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მუხლით გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა

პროკურატურამ ომბუდსმენის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მუხლით გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურამ სახალხო დამცველს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.

"ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველზე ზეგავლენას. ნებისმიერ ფორმით იკრძალება სახალხო დამცველზე ზეგავლენა სისხლის სამართლის კოდექსით და ეს ზეგავლენა სწორედ, მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლას და მე ვფიქრობ, რომ დანაშაულის ნიშნებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

ვფიქრობ, რომ პროკურატურის წერილი იყო საკმაოდ დაუსაბუთებელი. ამ წერილს ჩვენ გამოვაქვეყნებთ, რომ საზოგადოებისთვის გახდეს ცნობილი, თუ რა არგუმენტებს მიმართავს პროკურატურა, როდესაც ის უარს აცხადებს გამოძიების დაწყებაზე. არ ვიზიარებ მათ არგუმენტებს და მიმაჩნია, რომ პროკურატურამ უსაფუძვლოდ არ დაიწყო გამოძიება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა საგამოძიებო უწყებას 23 იანვარს მიმართა. საუბარია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის გასაჯაროების ფაქტზე. ნინო ლომჯარიამ მის საქმიანობაში ჩარევისა და ზემოქმედების მუხლით გამოძიების დაწყება მოითხოვა.

დღის ამბები