27 იანვარი 2021,   07:21
ვრცლად
პაციენტი შესაძლოა ახალი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურ საავადმყოფოში მოხვედრილ ჩინეთის მოქალაქეზე

ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთ საეჭვო პაციენტს აკვირდებიან. ჩინეთის მოქალაქე, მწვავე რესპირაციული ინფექციის ნიშნებით, კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტი შესაძლოა ახალი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული.

"პაციენტი იმყოფებოდა გუდაურში, ასევე ბაკურიანში და 4 თებერვალს, როგორც თავად და მისი თანმხლები პირი გვეუბნება, აღენიშნა ტემპერატურის მომატება, რომელიც 38 გრადუსზე მეტი იყო. ჰქონდა ხველა, კატარული მოვლენები, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე. ამის შემდეგ, მან მიმართა საელჩოს და მანამდე,  ჩინელ ექიმებთან ონლაინ იტარებდა კონსულტაციას. მაგრამ, 4 თებერვლის შემდეგ, მისი მდგომარეობა გაუარესდა, აღარ დაკმაყოფილდა იმ კონსულტაციით და შემოვიდა ჩვენთან.

იმის გათვალისწინებით, რომ მას მწვავე რესპირაციული ინფექცია აქვს, ამას ემატება ის, რომ პაციენტი პეკინიდანაა ჩამოსული. ბუნებრივია, არსებობს ალბათობა, რომ შესაძლოა ის ახალი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ჩინეთის მოქალაქე უკვე მეორე საეჭვო პაციენტია, რომელსაც ინფექციურ საავადმყოფოში აკვირდებიან. აღნიშნულ კლინიკას დღეს გრიპის სიმპტომებით ჩინეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქემ თავად მიმართა.

შანხაიდან საქართველოში ჩამოსული ქალი, ამ დროისათვის, ინფექციურ საავადმყოფოში რჩება. რა ტიპის ვირუსი აქვთ პაციენტებს, ხვალ დადგინდება.

დღის ამბები