21 იანვარი 2021,   03:36
ვრცლად
ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გამართული "მინისტრის საათი" - ოპონენტებმა ჯანდაცვის მინისტრს კითხვები დარბაზს გარეთ დაუსვეს

მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში დღეს, ეკატერინე ტიკარაძეს უსმენდნენ.

ჯანდაცვის მინისტრს პარლამენტში პირველივე მისვლაზე გადადგომისკენ მოუწოდეს. კრიტიკის შემდეგ, დამოუკიდებელი დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად სწორად იყო ის თანამდებობაზე შერჩეული. კანონმდებელთა ნაწილისთვის მინისტრის მოხსენება რეალობას აცდენილი აღმოჩნდა.

სწორედ 520-ე დადგენილება აღმოჩნდა საკითხი, რაზეც ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელს პასუხი ყველაზე მეტჯერ მოსთხოვეს. მათ შორის, უმრავლესობის დეპუტატებმაც. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის სამედიცინო მომსახურების ტარიფების დადგენაზე მინისტრს განმარტებების გაკეთება რამდენჯერმე მოუხდა. საკითხის განსახილველად დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ტიკარაძე კომიტეტის სხდომაზეც დაიბარეს.

ბევრჯერ დაისვა შეკითხვა სოციალური მუშაკების გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც, რაც მინისტრის განმარტებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. პასუხი კი, კითხვის ავტორებისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც დეპუტატების დაინტერესება გამოიწვია, სოციალურად დაუცველებისთვის დახმარებების გაცემა აღმოჩნდა. უმრავლესობის ნაწილმა ეს საკითხი პოლიტიკურ სპეკულაციებს დაუკავშირა.

ეკატერინე ტიკარაძის "მინისტრის საათი" ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე წარიმართა, თუმცა ოპონენტებმა მისი მისამართით კითხვები დღეს სხდომათა დარბაზს გარეთ დასვეს.

მინისტრის საათის ფარგლებში, პარლამენტის წინაშე ეკატერინე ტიკარაძე დღეს პირველად წარდგა. მას, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა სავარაუდოდ, მომავალ კვირას უკვე, კომიტეტის სხდომაზე მოუწევს.

დღის ამბები