24 იანვარი 2021,   16:12
ვრცლად
როგორ აირიდა "ოცნებამ" ე.წ. სირცხვილის კორიდორი - ოპოზიციამ პროტესტი განაახლა

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირების დროს, კარზე ბოქლომის დადების მცდელობას მოყვა. ამის საშუალება კი აქტივისტებს ტერიტორიაზე მობილიზებულმა პატრულის თანამშრომლებმა არ მისცეს.

პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტებმა დილიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეებმა ცხრა აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩიდან არსებული პარლამენტის ორივე შესასვლელი დაიკავეს. მოეწყო ე.წ. სირცხვილის დერეფნები.

საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქტივისტებთან ერთად, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. პარლამენტთან, მერიის მიერ დადგმულ ჯებირზე კი, ბანერი გააკრეს. ოპოზიციამ დღეს სამომავლო გეგმებიც დააანონსა.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება. ისინი დაპირების შესრულებას და პროპორციული სისტემაზე გადასვლას ითხოვენ.

დღევანდელ აქციაზე აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული მმართველობა ​ავტორიტარიზმად შეაფასეს და საბჭოთა სიმბოლოებიანი დროშა დაწვეს. პარლამენტის წინ მოძრაობა "შეცვალეს" წევრებმა კრემლის პლაკატი გააკრეს.

ოპოზიციის კრიტიკა მმართველმა პარტიამ დღეს იმის გამოც დაიმსახურა, რომ მმართველი გუნდის წევრები საკანონმდებლო ორგანოში ადრე შეიკრიბნენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი პიკეტირება მათ დისკომფორტს ვერ შეუქმნის.

კიდევ ერთი საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, პარლამენტის მომდევნო სხდომის პარალელურად გაიმართება. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას გენერალური პროკურორის პოზიციაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვის დროსაც გეგმავს, მანამდე კი, რეგიონებში გასვლას აანონსებს.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები