27 იანვარი 2021,   08:29
ვრცლად
უშედეგო დავა საწარმოო ტრავმისთვის - მზარეული, რომელსაც ხელი ხორცსაკეპში ჩაყვა დამსაქმებელს კომპენსაციას სთხოვს

შემთხვევა დასაქმების ადგილზე და დაზარალებული თანამშრომელი - ოლიკო ესაკიამ ხელზე მძიმე დაზიანება დასაქმების ადგილზე მიიღო. მას მტევანი ე.წ. ხინკლის პრესის აპარატში მოყვა. დანადგარი, რომ გაფუჭებული იყო, ესაკიას თქმით, დამსაქმებელმა იცოდა. რესტორანში მისულმა ხელოსანმა აპარატის შეკეთება ვერ შეძლო, თუმცა, მფლობელმა ესაკიას აპარატთან მუშაობის გაგრძელება მაინც მოსთხოვა.

ხელის დაზიანების შემდეგ, მფლობელთან კომპენსაციაზე დავა დაიწყო. დაზარალებული მზარეული ამბობს, რომ მენეჯერმა მხოლოდ ერთჯერადი დახმარება გაუწია და დანარჩენი სამედიცინო პროცედურების ანაზღაურებაზე უარი უთხრა.

"კურიერთან" ინტერვიუზე რესტორნის მფლობელმა უარი თქვა. სატელეფონო საუბარში კი ტექნიკის გაუმართაობა უარყო. დავით მარტიაშვილი ამბობს, რომ თანხას დაზარებულ თანამშრომელს მხოლოდ გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ აუნაზღაურებს.

ფილიალი, სადაც შემთხვევა მოხდა ახლა უკვე დახურულია. შრომის ინსპექციამ ქსელის სხვა ფილიალები შეისწავლა და შრომის უსაფრთხოების კანონთან შეუსაბამობებიც გამოავლინა.

დაზარალებულს საკუთარი ინტერესების დაცვაში პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა ეხმარება. კავშირში ამბობენ, რომ ამ ტიპის საქმეებზე სასამართლო დავა წლობით გრძელდება.

მიუხედავად არაერთი საკანონმდებლო ცვლილებისა, შრომის სფეროში არაერთი გამოწვევა რჩება, რაზეც მმართველი გუნდი და ოპოზიცია თანხმდება. მთავრობა მათი მოგვარების ერთ-ერთ მექანიზმად ინსპექციის დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას განიხილავს.

უახლოეს მომავალში, შრომის ინსპექცია დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდება. მთავრობის გეგმით, დამოუკიდებელმა ორგანომ შრომის ინსპექციის მეტი ეფექტიანობა უნდა უზრუნველყოფს. 

ავტორი: ლუკა ხაჩიძე

დღის ამბები