21 იანვარი 2021,   02:33
ვრცლად
ბათუ ქუთელია არავითარი NGO არაა, ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, ნაცი, შმაცი - კობახიძე

პარლამენტის წევრები გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორი" - ბათუ ქუთელია ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად იყო მითითებული.

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით რეალური პრობლემა ის გზავნილებია, რითაც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ.

"ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებით იმ ორგანიზაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ცხადია, რომ იქ იყო ტექნიკური შეცდომა და გასწორებულია. ეს რაც გასაჯაროვდა, არ არის იმის საპირწონე, რაც დაიდო, როგორც პრობლემა და რა წერილებიც ახლა იგზავნება," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით კი, გაუგებარია, თუ რატომ არის საკითხთან მიმართებაში ხელისუფლება თავდაცვით მდგომარეობაში და მეორეს მხრივ, რატომ ატყდა აჟიოტაჟი.

ეს რაღაც თავდაცვით მდგომარეობაში ჩადგომას ჰგავს და თავდაცვით მდგომარეობაში ჩასადგომი არაფერი არ ჰქონდა ხელისუფლებას, შეეძლო უბრალოდ აეხსნა, გამოეტანა ის კონტრაქტები და ეთქვა, რატომ არის დადებული და რა სერვისებს აწოდებენ ისინი ქვეყანას. ამიტომ ჩემთვის უცნაური იყო ერთის მხრივ აჟიოტაჟის ატეხვაც ამ თემაზე და მეორეს მხრივ, ცოტა თავდაცვით პოზაში აღმოჩნდა "ოცნება," - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძის განმრტებით, ბათუ ქუთელია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია და რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციას არ წარმოადგენს.

"შეცდომა კი არ გაეპარათ, მათ გაეპარათ ის, რომ მათ მიუთითეს ბათუ ქუთელია, როგორ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, თორემ იქ რეალობა იყო ასახული და საბოლოო ჯამში გაასწორეს შემდეგ, თუმცა საზოგადოების აღქმაში ბუნებრივია ეს ვერ გასწორდება, ისედაც იცის საზოგადოებამ რომ ბათუ ქუთელია არავითარი NGO არ არის და ის არის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელი, ნაცი, შმაცი, ყველაფერი," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

 ბათუ ქუთელია შეერთებულ შტატებში ლობისტური კომპანია "ორიონ სტრატეჯის" საქმიანობაში არ მონაწილეობს - ამის შესახებ კომპანიის განცხადებას სოციალურ ქსელში ატლანტიკური საბჭო ავრცელებს. ირკვევა რომ ქუთელიას სახელი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაფორმებულ კონტრაქტში ადმინისტრაციული შეცდომის გამო მოხვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი კომპანიის კონსულტაციების არც ერთ პოლიტიკურ ასპექტში არ არის ჩართული. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დოკუმენტში შეცდომა უკვე გასწორდა.

გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს დირექტორი - ბათუ ქუთელია ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლად იყო მითითებული.

 

დღის ამბები