27 იანვარი 2021,   01:30
ვრცლად
უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები - აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა 

დაზიანებული ინფრასტრუქტურა და სავარაუდოდ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლებიც ამბროლაურის მერიამ 2017-2018 წლებში განახორციელა, აუდიტის სამსახურის კრიტიკულ დასკვნაში მოხვდა. მაკონტროლებელი ორგანო ამბროლაურის მერიას ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ქიმიური სამშენებლო ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოებისთვის დახარჯული ასეულობით ათასი ლარის სავარაუდო გაფლანგვას ედავება. ადგილობრივი ოპოზიცია საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. განსხვავებული პოზიცია აქვს ქალაქის მერს.

კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც აუდიტის სამსახური ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხოდ შესრულებაზე საუბრობს, ხონია. ხონში ჭანტურიას, მოსე ხონელისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე მუნიციპალიტეტმა სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს განახორციელა და მასში 680 ათას ლარზე მეტი გადაიხადა. "კურიერის" მიერ გადაღებულ კადრებშიც ჩანს, რომ გზების, ტროტუარებისა და შენობების ნაწილი კვლავ შეკეთებას საჭიროებს. ოპოზიცია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ გაფლანგვაზე საუბრობს. 

კიდევ ერთი ქალაქი, რომელიც აუდიტის სამსახურის ახალ ანგარიშში მოხვდა, მცხეთაა. ისტორიული ქალაქის ახალაშენებული კულტურის სახლი, რომელშიც წყალი ჩამოვიდა და სოფელ ძეგვში აშენებული სპორტული მოედანი - ეს ის მთავარი პროექტებია, რომლის ჩაბარების გამოც მერიის მონიტორინგის სამსახური კრიტიკის ობიექტი გახდა.

ოპოზიცია ადგილობრივ ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მცხეთის მერი კრიტიკას უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

ამბროლაური, ხონი, მცხეთა - რატომ უხდებათ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხელახლა შესრულება. გულგრილობა, კორუფცია თუ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, დაინტერესების შემთხვევაში, უკვე პროკურატურას მოუწევს. 

 

დღის ამბები