27 იანვარი 2021,   02:05
ვრცლად
"ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე ბათუ ქუთელიას ხელმოწერაა" - დეკანოიძის პასუხი უმრავლესობას

მამუკა მდინარაძის განცხადებას, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯს“ შორის დადებული კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრა, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ მამუკა მდინარაძე სიცრუეში დაადანაშაულა.

"ბატონი მდინარაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ კონტრაქტზე, რომელიც ნამდვილად გაფორმებული აქვს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", წარმოდგენილია ბატონი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა. მე ახლა წარმოგიდგენთ კონტრაქტს, სადაც ნათლად ჩანს, რომ არავითარი ბათუ ქუთელიას ხელმოწერა ამ კონტრაქტზე არ არის. აქ არის ხელმოწერა "ორიონ სტრატეჯის" წარმომადგენლის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის ხელმოწერა. ამიტომ ტყუის ბატონი მდინარაძე და მინდა ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი არის ბოდვა და გადასაფარად იმ შემაშფოთებელი განცხადებების, რომელსაც ჩვენ ვისმენთ,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

მამუკა მდინარაძის განცხადება გაუგებარია ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრისთვის სერგი კაპანაძისთვისაც. როგორც კაპანაძე ამბობს, კონტრაქტში საკონტაქტო პირად ბათუ ქუთელიას მითითება პრობლემატურ საკითხს არ წარმოადგენს. 

"ცოტა გასაკვირი იყო, რას გულისხმობდა ბატონი მდინარაძე. ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლობისტი აიყვანა, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის და ის, რომ საკონტაქტო პიროვნებად დაასახელეს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ასევე არ მესმის რატომ არის პრობლემატური და რატომ იმსახურებდა ეს თემა ამხელა ბრიფინგს. როგორც ჩანს "ქართული ოცნების" ამოცანაა ყურადღების სხვა რამეზე გადატანაა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

დღის ამბები