26 იანვარი 2021,   09:53
ვრცლად
ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულ კონტრაქტში ენმ-ის წარმომადგენელად ბათუ ქუთელიაა მითითებული - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლობისტურ კომპანია "ორიონ სტრატეჯს" შორის დადებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. 

დოკუმენტი გასული წლის ოქტომბრით თარიღდება, მოქმედების ვადა 1 წელია და ის ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.  

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, დოკუმენტის მიხედვით "ნაციონალურ მოძრაობას"  საკუთარ წარმომადგენლად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია ჰყავს მითითებული.

მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აკეთოს ის, რისი სურვილიც აქვს კანონის ფარგლებში, თუმცა მისივე შეფასებით, ამის შემდეგ ბათუ ქუთელიას დამოუკიდებელ ექსპერტობაზე პრეტენზია არ უნდა გაუჩნდეს.

"სინამდვილეში, ჩვენ საქმე გვაქვს ერთიან წარმონაქმნთან, ეს არის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ასეთი ტყუილებით მანიპულირებს და ამისი მტკიცებულება შემიძლია წარმოგიდგინოთ. ეს არის ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული კონტრაქტი, სადაც ნაცმოძრაობის მხრიდან წარმოდგენილია მის წარმომადგენლად ბათუ ქუთელია. ცხადია, როგორც ქუთელიას, ასევე ნებისმიერ ადამიანს, შეუძლია აკეთოს ის, რაც მას სურს, თუ ეს კანონით არ არის აკრძალული, ოღონდ ჩვენ "ქართული ოცნება", საპარლამენტო უმრავლესობა ყოველთვის უზრუნველვყოფთ, რომ დავანახოთ საზოგადოებას მათი რეალური საქმიანობის, მათი რეალური სახის შესახებ," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ბათუ ქუთელიას "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი უწოდა.

"სურთ, რომ არასამთავრობო ობიექტურ ორგანიზაციებად წარმოადგინონ ის ადამიანები და ორგანიზაციები, ვინც სინამდვილეში უშუალოდ არიან "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ინტერესების გამტარებლები. ცხადია, მსგავსი მანიპულაციები არასდროს დაიმალება. ჩვენი საზოგადოება ისედაც გრძნობს და ცნობს ყველას ვინ ვინ არის და ყოველთვის ყოველ ჯერზე, მსგავსი მცდელობები იქნება გამოაშკარავებული," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

შესაბამისი საბუთი ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოპოზიციამ "ქართული ოცნება" ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების გამო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას Chartwell Strategy Group ხელშეკრულება გაუგრძელა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები