27 იანვარი 2021,   02:17
ვრცლად
მეხუთე რაუნდი, რომელიც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის უნდა გამართულიყო, ჯერ კიდევ არ დაგეგმილა

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ამ დრომდე არ გამართულა იანვრის ბოლოს დაანონსებული დიალოგის მეხუთე რაუნდი.

კონსულტაციებში ჩართული პარტიები, ჯერჯერობით, კონკრეტულ თარიღს არ ამბობენ, როდის შედგება შეხვედრა.

დღეს ისევ კეთდება განცხადებები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციაც და სახელისუფლებო გუნდიც უცვლელი პოზიციებით მივლენ.

უმრავლესობის შეთავაზება 100-50-ზე ოპონენტებისთვის მიუღებელია, ასევე არ აპირებს პროპორციულ სისტემაზე საუბარს მმართველი გუნდი.

კიდევ ერთი მთავარი მოლოდინი ეუთო/ოდირის დასკვნას და ე.წ გერმანულ მოდელს უკავშირდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ  ახალი საარჩევნო სისტემა ხალხის ნებას უნდა ასახავდეს.

"ამ პოლიტიკური დიალოგის ამოცანაა, საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ, რომელიც ასახავს პროპორციულად ხალხის ნებას პარლამენტში. ჩვენ მიერ გაკეთებული შეთავაზებები კი სწორედ ამას ემსახურებოდა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის შეთავაზება ხელისუფლებამ უარყო და ისინი ვაჭრობას არ აპირებენ.

"ვაჭრობაში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებთ და ჩვენი წინადადება ყველასთვის ცნობილია, თუმცა ეს წინადადება ხელისუფლებამ უარყო,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მის მოსაზრებას ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეც იზიარებს :

"ერთადერთი მთავარი პრინციპი არსებობს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლოებული რამ. ჩვენ ვაჭრობას არ ვაპირებთ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ ოპოზიციას არ აქვს საკმარისი არგუმენტები და დარჩენილი დროში რა პასუხებსაც გასცემენ და რას მოიმოქმედება იქნება მათი კონსტრუქციულობის მაჩვენებელი.

"ოპოზიციის მხრიდან ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება არ მოხდეს ამ მოდელის გაზიარება, ველოდებით, მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ წარდგნენ თავიანთი არგუმენტებით. მათი გადაწყვეტყილება და პასუხი კი გვაჩვენებს,რამდენად კონსტრუქციულები არიან,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ფიქრობს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე.

"იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი მანდატი უნდა განაწილებულიყო და ჩვენ 77 მანდატის ნაცვლად 100 მანდატის გადანწილება გადავწყვიტეთ,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები