26 იანვარი 2021,   10:51
ვრცლად
"კახი ჩვენც გვყავს შვილები, გადააგდეთ ბეტონყმობა"- მორიგი აქცია "ანას ბაღის" გადასარჩენად 

"კახი ჩვენც გვყავს შვილები, გადააგდეთ ბეტონყმობა"- მორიგი აქცია ვარკეთილში, კვლავ "ანას ბაღის" გადასარჩენად - ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად სამშენებლო ტერიტორიის შემოსაზღვრულ ღობეზე წარწერები დატოვეს.

10 თებერვალს თბილისის მერიაში ზეპირი მოსმენა გაიმართება, სადაც ადმინისტრაციული საჩივარი, "ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შეჩერებისა და სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობის საკითხები განიხილება. მერიის მხრიდან სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, ადგილობრივები სასამართლოს მიმართავენ. პარალელურ რეჟიმში აქცია გაიმართება თბილისის მერიასთანაც.

"ვითხოვდით, რომ ეს ეზო გამოსყიდულიყო და ინვესტორს მისცემოდა ალტერნატიული ფართი ან გამოსყიდვის მეთოდით დაბრუნებულიყო ხალხისთვის ეს ტერიტორია, მაგრამ კახი კალაძემ რაღაცა ჯიუტად უარი განაცხადა ამ მოთხოვნაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საპროტესტო აქციებს," - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი ფხალაძემ.

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი "ანას ბაღის" დამცველებთან ერთად აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

"ვაგრძელებთ გვერდში დგომას "ანას ბაღის" დამცველებისა, რომლებიც იბრძვიან სიცოცხლისათვის იმიტომ, რომ ქალაქის მერია და კომპანია მათ პარავს სიცოცხლეს, რადგან უსპობს სუფთა ჰაერის ერთადერთ წყაროს," - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

მოსახლეობის პროტესტს სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა. ევროპული სამშენებლო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, მშენებლობა კანონიერია.

"კომპანია, ვთქვი მე, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს არანაირი მოტივი ამისა. რასაც ესენი ავრცელებენ სრული დეზინფორმაციაა. არავითარი "ანას ბაღს" საშიშროება არ ემუქრება. იმ საქმესთან დაკავშირებით, რასაც ესენი იძახიან გეოლოგიური დასკვნა არ არსებობსო, ჩვენ გავაცანით გეოლოგიური დასკვნა," – ამბობს გიორგი ბენაშვილი,

განმარტებას აკეთებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც. გიორგი ტყემალაძის თქმით, სამშენებლო ნებართვა ლეგიტიმურად არის გაცემული და მერიას კანონიერად გაცემული ნებართვის გადახედვის უფლება არ გააჩნია.

"სამშენებლო ნებართვა არის კანონიერად გაცემული, შესაბამისად ამ ადამიანებს რა თქმა უნდა აქვთ უფლება იმისა, რომ მიმართონ სასამართლოს და თუ რაიმე კანონდარღვევა იქნება, რა თქმა უნდა სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტს და კონკრეტულად მერიას ლეგიტიმურად გაცემული ნებართვის გადახედვის უფლება არ გააჩნია," - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დღის ამბები