04 დეკემბერი 2020,   00:59
ვრცლად
კიდევ ერთი სკანდალი "ქართული ოცნებისთვის" - ოპოზიცია იზორიას თანამდებობიდან გადადგომაზე

კიდევ ერთი სკანდალი "ქართული ოცნებისთვის" - ასე აფასებენ ოპოზიციაში ლევან იზორიას მიერ თანამდებობის დატოვებას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, მას თანამდებობა აქამდეც უნდა დაეტოვებინა და აეღო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი ძმის სკანდალზე, ასევე მისი მინისტრობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვნახეთ ბატონ იზორიასთან დაკავშირებით, როგორ ჩაერია ის თავისი ძმის საკითხში, რაც პასუხისმგებლობის დაყენებისთვის უკვე საკმარისია. 

გარდა ამისა, ვნახეთ თუ როგორი დასკვნები დადო აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის მერე იზორია პოლიტიკას საერთოდ უნდა ტოვებდეს და მისი საქმე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ უნდა იყოს გამოძიებული.

თუ საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტი მის დანიშვნას აპირებენ, ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული ლაქა ჩვენი ქვეყნის დიპლომატიისთვის," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა სერგი კაპანაძემ.

გიორგი ბარამიძის განცხადებით კი, მისი ელჩად გაგზავნის საკითხი, კიდევ ერთი ძალიან დიდი სკანდალი იქნება. 

"იზორია ფიქრობს, რომ ამ ძალიან დიდ სკანდალში გახვევის შემდეგ, საჯარიმო სანქცია ყოფილა, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში მისი ელჩად გაგზავნა. ფაქტობრივად კრიმინალში მხილებულ ადამიანს აგზავნიან ელჩად, ასეთი ელჩი საქართველოს საქმეებს ვერ შეასრულებს. ეს კიდევ ერთი სკანდალია," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები