25 ოქტომბერი 2020,   12:30
ვრცლად
"თუკი მოძალადეები დაკავშირებული არიან "ოცნებასთან", პასუხს არავინ აგებს" - ბოკერია საკრებულოს ინციდენტზე

საკრებულოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს, უკვე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებებიც. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და დარწმუნებულია, რომ ამ ძალადობისთვის არავინ დაისჯება. 

"ჩვენ გვაქვს ათეულობით მაგალითი, როდესაც ასეთ შემთხვევებში პასუხს არავინ არ აგებს. თუკი მოძალადეები არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან. უფრო მეტიც, ეს არის ხელწერა ავტორიტატული რეჟიმების, როდესაც ისინი აგონიაში არიან. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რატომ არის ეროვნული ამოცანა ამ პოლიტიკური ჭირის - ივანიშვილის და იმ კლიმატის მოშორება, რაც მან შექმნა ქვეყანაში,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში წამოარტყა, რის შედეგადაც ფიზიკური დაპირისპირება გამწვავდა და ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დღის ამბები