26 ნოემბერი 2020,   08:34
ვრცლად
სიონის მხატვარს, ხელოვნების ქურუმს ლევან ცუცქირიძეს 94 წელი შეუსრულდა 

სიონის მხატვარი და გრაფიკოსი ლევან ცუცქირიძე 94 წლის გახდა. სახვითი ხელოვნების მუზეუმი ავტორის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოიფინება მხატვრის 40-მდე ტილო, ძველი ნამუშევრები და უახლოეს პერიოდში შექმნილი ნახატები, რომელიც მხატვრის ოჯახის პირად კოლექციაში ინახებოდა.

"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების ავტორი ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ ორბელიანის თხზულებებზე მუშაობდა. ხატავდა უზარმაზარ პანოებს თბილისში ცნობილი ადმინისტრაციული შენობებისთვის. 1980-იანი წლების მიწურულს კი  თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი მოხატა.

94 წლის იუბილარმა, პერსონალური გამოფენისთვის ყველა ნამუშევარი თავად შეარჩია და ექსპოზიციაც ისე ააწყო, როგორც თავად სურდა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები რელიგიურ, ფოლკლორულ, ეთნოგრაფიულ და ისტორიულ თემატიკას აერთიანებს.

ხვალინდელ გამოფენას ავტორი თავად უმასპინძლებს და დამთვალიერებელს საკუთარ ძალიან საინტერესო სამყაროში მეგზურობას გაუწევს. ლევან ცუცქირიძეს 2016 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხელოვნების ქურუმის წოდება მიენიჭა.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

 

 

 

დღის ამბები