29 ნოემბერი 2020,   18:11
ვრცლად
აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს, სანამ იქ ივანიშვილი არ დაჯდება - რომან გოცირიძე

ხელისუფლება და ოპოზიცია მთავარ პოლიტიკურ საკითხზე ისევ ვერ თანხმდება - გუშინდელი უშედეგო მესამე რაუნდის შემდეგ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ვიდრე ხელისუფლება  დათმობაზე არ წავა, პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას აუცილებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწროს.

"მოლაპარაკებაზე არ მოდიან ის ადამიანები "ქართული ოცნებიდან", ვისაც აქვს რაიმე გადაწყვეტილების მიღების უფლება. ყველა არის ბუტაფორია. აზრი არ აქვს სანამ ივანიშვილი არ დაჯდება იქ. ივანიშვილს აქვს 7 პარასკევი. 7-ჯერ შეიცვლის აზრს. სანამ არ ჩამოყალიბდება ისეთი მოლაპარაკების ფორმატი, სადაც ყოველ სიტყვას ექნება ფასი, სანამ ყოველი შეხვედრა დამთავრდება ტყუილით და არ იქნება შემდეგ რევიზია ჩატარებული გადაწყვეტილებებისა, ამას არავითარი აზრი არ აქვს," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრის ანზორ ბიწაძის განმარტებით, ოპოზიცია არნახულ ერთიანობას ინარჩუნებს და აუცილებლად დარჩება მიზნის ერთგული. გარდა ამისა, ბიწაძე ყურადღებას ამახვილებს დიპლომატების შეფასებებზე, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არასამართლიანია და უნდა შეიცვლოს.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, უმრავლესობა მხოლოდ არსებული სისტემის ფარგლებში განსახილველ ცვლილებებს განიხილავს. 

 

 

დღის ამბები