29 ნოემბერი 2020,   18:28
ვრცლად
რადიკალური პროტესტი ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად - ექიმის ოჯახისთვის ხელისუფლების ქმედებები საკმარისი არ არის

ვაჟა ექიმის დატყვევებიდან 5 დღიანი დუმილის შემდეგ იყო არაერთი გამოხმაურება, მთავრობის ჩართულობა, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა, მსოფლიო მასშტაბით მედიკოსების პროტესტი, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის დაკავებიდან ერთი თვის თავზე შედეგი მიღწეული არ არის.

ერთი თვის განმავლობაში ოჯახი დღეს პირველად ალაპარაკდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების მოქმედებები საკმარისი არ არის.

ქართველი ექიმის ერთთვიანი ტყვეობის შეფასებისას საქართველოს სახალხო დამცველმა ის საქმეები გაიხსენა, რომელთა დროსაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები ფიქსირდებოდა.

ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის საკითხით პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია საქართველოს მთავრობისთვის. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით,  ხელისუფლება ქართველი ექიმის რაც შეიძლება მალე გათავისუფლებისთვის,  მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ ისაუბრა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას. სალომე ზურაბიშვილმა დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას საჯაროდ სთხოვა.

ბოლო ოფიციალური შეხვედრა, სადაც განხილვის თემა დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხი იყო, გასულ კვირას აბაშიძე-კარასინის ფორმატში შედგა.

კარასინის განცხადების მიუხედავად, რომ ექიმის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხდებოდა, რუსეთის წარმომადგენლის დაპირება არ შესრულდა.

ექიმის ოჯახი და მეგობრები რადიკალურ პროტესტს აანონსებენ.

დღის ამბები