05 დეკემბერი 2020,   10:30
ვრცლად
ინციდენტები აძლიერებს წინააღმდეგობას, ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს - ოპოზიცია ქუთაისში აქცია მართავს

ქუთაისში, აქციის მონაწილეები მსვლელობით მერიის შენობისკენ მიემართებიან. მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ინციდენტები და დაპირისპირებები, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ მუდმივად ვითარდება, მათი მიზნის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის.

"ინციდენტები მხოლოდ აძლიერებს წინააღმდეგობას, ეს პრობლემა ნამდვილად არ არის. ოფისების დარბევები ოპოზიციის, ვნახეთ ტიტუშკების მიგზავნა, ვნახეთ ახალგაზრდების ცემა, ეს მხოლოდ უგუნურებაზე მეტყველებს, რაც საბოლოო ჯამში, სრულ ასლანიზაციას იწვევს "ქართული ოცნების" და ივანიშვილის“ - აცხადებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა.

აქციის მონაწილეებთან ერთად მსვლელობაზე იმყოფება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე. მისი თქმით, მოთხოვნა რომელიც ოპოზიციას აქვს და რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, ქვეყნის განვითარების გზაზე დადგომის მთავარი მექანიზმია.

"ქუთაისში მთავარი გზავნილი იქნება ის 4 მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს უკვე რამდენიმე თვეა. ჩვენთვის მთავარია ეს პროპორციული არჩევნები იმისათვის, რომ საქართველო დადგეს ნორმალური განვითარების გზას“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

ხელისუფლება საკუთარ ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა საკუთარ ჯიბეს, როგორც ეს დღეს ხდება - ამ განცხადებას ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აკეთებს, რომელიც ქუთაისში, აქციაზე იმყოფება. 

"ველოდებით ესეთ პატარ-პატარა პროვოკაციებს, მაგრამ ჩვენ არ ავყვებით, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი მსვლელობა, რომლითაც ვაპროტესტებთ ერთ რამეს - ტყუილი ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, რომელსაც ქართული ოცნება ჩადის და ჩვენ ვერთიანდებით ერთი მოთხოვნის გარშემო, რომ ისეთი არჩევნები ჩატარდეს, რომ ხელისუფლება ემსახურებოდეს საკუთარ ხალხს და არა, საკუთარ ჯიბეებს“ - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები