29 ნოემბერი 2020,   18:15
ვრცლად
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე" დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე" დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. პროექტის მიზანი სასამართლოში არსებული კლანური მმართველობის აღიარებაა.

ინიციატივის ავტორები სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანის საკანონმდებლო ორგანოში გავლენებზე საუბრობენ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელიას განცხადებით, დადგენილების დოკუმენტი პარლამენტს მაინც წარედგინება და გაცილებით უფრო მწვავე დებატებით.

"მოსამართლეთა მცირე ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა კლანად და წინა რეჟიმის დროს ასრულებდა იმ ხელისუფლების დავალებებს, დღეს ასრულებენ ამ ხელისუფლების დავალებებს, მას გავლენა აქვს უკვე პარლამენტშიც და ამ გავლენის საშუალებით ისინი დღემდე ახდენენ საკუთარი ინტერესების რეალიზებას. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ეს ყველაფერი დღეს და ეს იყო ღია ლუსტრირება," – აცხადებს ბესელია.

​როგორც იურისტი და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, "ქართული ოცნების" არც ერთ დეპუტატს არანაირი არგუმენტი ან კითხვა კანონპროექტთან დაკავშირებით არ ჰქონიათ.

"ჩვენს მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტზე, რომლის ინიცირებაც ქალბატონმა ეკა ბესელიამ გააკეთა, არც ერთ "ქართული ოცნების" დეპუტატს არანაირი კითხვა, არანაირი არგუმენტი არ ჰქონია ისე ჩააგდეს ეს რეზოლუციის პროექტი. როგორც ჩანს მათ ამ მძიმე ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ესმით და ესახებათ მომდევნო კვირებში დაგეგმილი უზენაეს სასამართლოში 20 კანდიდატის ასე ვთქვათ არჩევა," - აცხადებს კახა კოჟორიძე.

განსხვავებულია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის შეფასება. ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი წმინდა პოლიტიკურია და მას სამართლებრივ საკითხებთან საერთო არაფერი აქვს და სწორედ ეს გახდა მისი ჩავარდნის მიზეზიც. 

"საღი, გონიერი აზრის მქონე იურისტი ასეთ პროექტს, რომელიც არის წმინდა პოლიტიკური ხასიათის და არაფერი არა აქვს საერთო სამართლებრივ საკითხთან, არა აქვს არანაირი ობიექტური შეფასება მიცემული და ობიექტურად რეალურად ვერ შეაფასებ ამ საკითხებს. აქედან გამომდინარე ძალიან მარტივია, რომ როდესაც მომხსენებელი ვერ წარმოადგენს ობიექტურ სამართლებრივ საკითხებს, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ მოცემულობას და ობიექტურ კრიტერიუმებს ლოგიკურია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ვერ იქნებოდა მხარდაჭერა," - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები