05 დეკემბერი 2021,   11:38
ვრცლად
ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე სამონასტრო კომპლექსი ტაძრის გალავნისა და სამრეკლოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე სამონასტრო კომპლექსი, ტაძრის გალავნისა და სამრეკლოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე წლის წინ აშენდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, მრევლის უსაფრთხოებისთვის შესაძლოა უკიდურესი ზომების მიღება გახდეს საჭირო და ტაძარი დაიხუროს. ტაძრის წინამძღვრის თქმით, მშენებლობა ისე დაიწყო, რომ ნიადაგი არ შეუსწავლიათ, ასევე არ არის სადრენაჟე სისტემა.

მამა იაკობი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გალავანი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

„გალავნის უკიდურესად მორყევის პროცესების დაჩქარება, გასული წლის აგვისტოში ძლიერ წვიმებს უკავშირდება. გალავანი სავარაუდოდ თავიდანვე სამშენებლო წესების უხეში დარღვევით აშენდა, რადგან ის არამყარ, ნაყარ მიწაზეა აშენებული. ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვილი წყალი სადრენაჟო სისტემის არარსებობის გამო მიწას ურეცხავს გალავნის საძირკველს. შედეგად, ტაძრის სამხრეთ გალავანი სამრეკლოს მოწყდა. იმ შემთხვევაში თუ ტაძრის გალავანი ჩამოინგრევა, შესაძლოა, მან როგორც სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ცენტრალური გზაც გადაკეტოს. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმირებულია ხობის მერია,“ - აცხადებს მამა იაკობი (სურმავა).

როგორც ხობის მერიაში განმარტავენ, მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით უძლურია ამ პრობლების წინაშე და შემდგომი რეაგირებისთვის, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს მიმართავს.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს ჩატარებული ვიზუალურ-საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, სპეციალისტებმა პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი რეკომენდაციებიც გასცეს.

დოკუმენტის მიხედვით, უნდა გაკეთებულიყო ზედაპირული და გრუნტის წყლების დრენაჟი, განხორციელებულიყო ფერდობის გატყიანება. სპეციალისტების ვარაუდით, ყოველივე ეს საძირკველისა და გალავნის კედლების გამაგრებას შეუწყობდა ხელს.
სამონასტრო კომპლექსში, საღვთო წირვა-ლოცვა მაინც აღევლინება.

დღის ამბები