28 ნოემბერი 2021,   21:08
ვრცლად
"პრეზიდენტს ბატონი ნარმანიას თავმჯდომარედ წარდგენის უფლება არ ჰქონდა" - ხათუნა გოგორიშვილი  

პარლამენტში სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის მიერ თანამდებობაზე ნარმანიას წარდგენის პროცედურა გახდა. პროცედურის თანახმად, პრეზიდენტს სემეკის თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის უფლება შეეზღუდა. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა დამტკიცებამდე რამდენიმე წუთით ადრე სესიაზე კონსტიტუციის ის მუხლი წაიკითხა, რომლითაც განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები. როგორც ირკვევა, სალომე ზურაბიშვილს არ ჰქონდა უფლება პარლამენტისთვის სემეკის თავმჯდომარის კანდიდატურა შეეთავაზებინა.

"საქმე ეხება ქალბატონ პრეზიდენტს, რომელსაც, როგორც ჩანს, სხვა პრობლემებთან ერთად, იურიდიული კონსულტაციის პრობლემაც გააჩნია. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დ ქვეპუნქტი ადგენს  ჩამონათვალს, ვისი წარდგენის უფლება აქვს და თავმჯდომარის წარდგენის უფლება საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია. იმისათვის, რომ ეს ნამდვილად ასეა, იგივე მუხლი გვეუბნება, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები არის ცალსახად წარდგენილი. ასე, რომ თუ პარლამენტი ახლა ამ დადგენილებას უყრის კენჭს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა. პრეზიდენტს არ ჰქონდა ბატონი ნარმანიას თავმჯდომარედ წარდგენის უფლება," - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს მიმართა, რომ  კონსულტაციებისთვის დრო გამოიყოს და საკითხის გადადება შესთავაზა.

"ვინაიდან ნომინირების პროცედურამ აზრთა სხვადასხვაობა  გამოიწვია, მე გთავაზობთ, რომ ავიღოთ დამატებითი დრო კონსულტაციისთვის და გადავდოთ ეს საკითხი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, როგორც თავად აცხადებს, საკითხთან დაკავშირებით იურისტები საქმის კურსში იყვნენ და ისე წარადგინეს მისი კანდიდატურა.  

"რამდენადაც ვიცი, წინასწარ იურისტებს შორის, ეს საკითხი იყო გავლილი და შესაბამისად იქნა გაკეთებული წარდგინება. თუ თვლიან იმას, რომ გარკვეული საკანონმდებლო  ხარვეზი და ვაკუუმია, ბუნებრივია, ეს ყველაფერი უნდა გასწორდეს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.   

დღის ამბები