28 ნოემბერი 2021,   22:16
ვრცლად
უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 25%-მდე შემცირება - პრემიერი სებ-ის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მხარს უჭერს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების შემცირებასთან დაკავშირებით. გახარიას განცხადებით, ლარის კურსის და ფასების დასტაბილურება ეროვნულ ბანკთან სრული კოორდინაციით უნდა მოხდეს.

"ის ნაბიჯი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გადადგა, სრულ მხარდაჭერას იმსახურებს მთავრობის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ უკვე ბიზნესთან სრული კომუნიკაციით გავაკეთებთ ყველაფერს, რამეთუ ის იაფი რესურსი გამოთავისუფლებული, რომელიც საბანკო სექტორმა უკვე შეუძლია მიაწოდოს ეკონომიკას, ეფექტურად იყოს ათვისებული," -განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის ეს განცხადება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები 5 პროცენტით, 25 პროცენტამდე შეუმცირდებათ, რის შედეგადაც, დამატებით 700 მილიონი დოლარის გასესხებას შეძლებენ.

კომერციული ბანკებისთვის 700 მილიონი დოლარის რესურსის გამოთავისუფლებას  დღეს ერთ-ერთი ბანკიც გამოეხმაურა.

უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნის 5 პროცენტით შემცირება კომერციული ბანკებისათვის მისაღებია. "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან გატარებული ახალი ღონისძიების საფუძველზე კომერციული ბანკებისათვის სავალუტო სესხების გაცემა მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

"რაც შეეხება რეზერვის  განაკვეთის შემცირებას, ეს, რა თქმა უნდა,  ბანკებში გააჩენს მეტ ლიკვიდობას სავალუტო სახსრების. კომერციულ ბანკებს გამოუთავისუფლდებათ გარკვეული ნაწილი მათ მიერ ეროვნულ ბანკში დარეზერვებული სავალუტო სახსრებისა, რაც მეტ ხელმისაწვდომობას გააჩენს კომერციული ბანკებისთვის სავალუტო სესხების გასაცემად, კანონმდებლობით ვისზეც შესაძლებელია, რომ სავალუტო სესხები გაიცეს," - აღნიშნა "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძემ.

დღის ამბები