28 ნოემბერი 2021,   22:35
ვრცლად
2012 წლის არჩევნების 7 წლისთავთან დაკავშირებით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს

 

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 7 წლისთავს  "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო"  განცხადებით ეხმაურება. 

"7 წელი გავიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული მოვლენიდან.
ამ დღეს, ბიძინა ივანიშვილისა და ქართველი ხალხის კოალიციამ არჩევნების გზით გაიმარჯვა ძალადობრივ რეჟიმზე.

ქვეყანას წლები დასჭირდა, რომ წარსულისთვის ჩაებარებინა ძალადობაზე, შიშზე და წამებაზე დაფუძნებული მძიმე მემკვიდრეობა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, გვახსოვდეს 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ფასი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თუ რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის სახით და რა სისასტიკეზე გავიმარჯვეთ ყველამ ერთად.

უკვე შვიდი წელია ქართველი ხალხი "ქართულ ოცნებასთან" ერთად ყოველ არჩევნებზე ადასტურებს 1-ლი ოქტომბრის ღირებულებების ერთგულებას და მთელს მსოფლიოს უდასტურებს, რომ ძალადობრივი რეჟიმი ჩვენი ქვეყნის სათავეში ვეღარასდროს დაბრუნდება, ქართული საზოგადოება რევანშს არ დაუშვებს,"- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ  ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, პროგრესი და  კეთილდღეობისკენ სწრაფვა  შენარჩუნდეს.

განცხადებაში ჩამოთვლილია ის რეფორმები, რომლებსაც "ქართული ოცნება" 7 წლიანი მმართველობის მიღწევებად თვლის, მათ შორისაა კონსტიტუციური რეფორმა, სასამართლო რეფორმა, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა, მედიის, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თავისუფლება, დემოკრატიის, საჯაროობის, მართვის გამჭვირვალობა, სოციალური პასუხისმგებლობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია.

"ქართული ოცნების" განცხადებით, "ეს ის შედეგებია, რომლებიც მიღწეულ იქნა დესტრუქციული ძალების ქმედებების და მათი მედიაპროპაგანდის ფონზე. იმ ფონზე, როდესაც რევანშისტული ძალები ამ მიღწევებს უპირისპირებდნენ სიცრუის ტირაჟირებას, რეალობის მოდელირებას და შვიდი წლის მანძილზე ცდილობდნენ სიკეთის ბოროტებად, თეთრის შავად წარმოჩენას."

განცხადებაში ნათქვამია, რომ "არჩევნების გამჭვირვალობა და სამართლიანობა "ქართული ოცნების" მიერ დამკვიდრებულ ტრადიციად იქცა", - ამ კონტექსტში საუბარია მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესზეც, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ისახავს მიზნად.

"ქართული ოცნების" განცხადებით, მათი პოლიტიკური ძალა თანმიმდევრულ, მშვიდობიან და ადამიანზე ორიენტირებულ პასუხისმგებლიან პოლიტიკას აწარმოებს:

"ერთად განვლილი შვიდი წელი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თანმიმდევრულ, მშვიდობიან და ადამიანზე ორიენტირებულ პასუხისმგებლიან პოლიტიკას აწარმოებს და მას შესწევს ძალა, ქართველ ხალხთან ერთად დაძლიოს ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ და ქვეყანას აუცილებლად დავაყენებთ შეუქცევადი განვითარების რელსებზე,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები