05 დეკემბერი 2021,   12:34
ვრცლად
"ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევა სამუშაო ადგილები და საშუალო კლასის არარსებობაა"- გახარია ბიუჯეტზე სასაუბროდ ექსპერტებს შეხვდა

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი პრემიერ-მინისტრმა ექსპერტებს გააცნო. 2020 წლის ბიუჯეტი 14 მილიარდამდე იზრდება. დაფინანსება ემატებათ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს. როგორც პრემიერმა ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევა სამუშაო ადგილები და საშუალო კლასის სისუსტეა:

"2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და ვთვლით, რომ ამ მიმართულებით ტემპი შენარჩუნდება და ოდნავ გაიზრდება. ისევე როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითადი ამოცანა. ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და საშუალო კლასის, როგორც ასეთი სისუსტე ან გარკვეულწილად არარსებობა, ვთვლი, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება, რეფორმირება და კიდევ ერთხელ რეფორმირება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილების ზრდის მეშვეობით ქვეყანაში შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი საშუალო კლასი, რაც ასევე აუცილებელია პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვისაც,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციის მხრიდან 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს  უარყოფითი შეფასებები უკვე მოჰყვა. დეპუტატების განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა შიდა და გარე ვალების ხარჯზე ხდება, რაც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო ცუდად აისახება.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის გამო წელს ნაზარდი პენსიაც კი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან იყო.

ოპოზიციის შეფასებით, ხელფასებისა და პენსიის ზრდის დაანონსება წინასაარჩევნო მოსყიდვას ემსახურება.

დღის ამბები