05 დეკემბერი 2021,   11:58
ვრცლად
შეგიძლიათ ჰკითხოთ პრემიერს - სამთავრობო გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე მინისტრები ჟურნალისტებს პრემიერთან ამისამართებენ

სამთავრობო გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებს მინისტრები არ ადასტურებენ. სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნებიან ლევან დავითაშვილი და ქეთევან ციხელაშვილი.

სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა უნდა ისაუბროს.

„ვერ მოგახსენებთ ვერაფერს, უნდა ჰკითხოთ შესაბამის პირებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრს კონკრეტულად. არანაირად არავითარ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, შეგიძლიათ ჰკითხოთ პრემიერს,“ - განაცხადა ციხელაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მთავრობის გუნდის ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, თავს არიდებს.

იქნება თუ არა ის ახალი სამთავრობო გუნდის წევრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ეს ოქტომბერში გახდება ცნობილი.

„გამოჩნდება, ოქტომბერიც მოვა, ორი თვეა დარჩენილი, გამოჩნდება, ვიქნები თუ არა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, არ მაქვს ინფორმაცია,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილს შემოდგომაზე მნიშვნელოვანი საკვანძო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. სექტემბრის პირველი კვირის შემდეგ გაირკვევა, შეცვლის თუ არა „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა ბახტაძეს და ჩაიბარებს თუ არა პრემიერის პორტფელს გიორგი გახარია.

დღის ამბები