05 დეკემბერი 2021,   13:01
ვრცლად
სამწუხაროდ, გადაადგილების საშუალება არ მოგვეცა - გუგუტიანთკარში გიორგი ქადაგიძე ჩავიდა

გუგუტიანთკარში მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად  ადგილზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძეც ჩავიდა, თუმცა სოფელში შესვლა ვერ მოახერხა. სოფლის შესასვლელში მობილიზებულმა პოლიციამ მას ცხელ წერტილში შესვლის უფლება არ მისცა. ამის მიზეზად კი, სამართალდამცავებმა მისი და სხვა აქტივისტების უსაფრთხოება დაასახელეს.

გიორგი ქადაგიძემ შსს-ს წარმომადგენლები უკანონო ქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ადამიანების თავისუფალი გადაადგილება კონსტიტუციით არის გარანტირებული.

„ჩვენ ყველას სურვილი გვქონდა, რომ მივსულიყავით, ჩვენი თვალით გვენახა ბორდერიზაციის პროცესი, ადგილობრივ მოსახლეობას გავსაუბრებოდით და ჩვენი სოლიდარობა გვეთქვა მათთვის. სამწუხაროდ, გადაადგილების საშუალება არ მოგვეცა, გვეუბნებიან, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე არის. ჩემი პირადი აზრით ეს არის დარღვევა, იმიტომ, რომ ადამიანების თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული არის კონსტიტუციით. ზოგადად, რაც შეეხება ბორდერიზაციის პროცესს, ამასთან დაკავშირებით მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ნებისმიერი ბორდერიზაცია, ნებისმიერი საზღვარი, ნებისმიერი კედელი აუცილებლად დაინგრევა, სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის და ეს სიმართლე არის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი,“- განაცხადა ქადაგიძემ.

გუგუტიანთკარში დღეს ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებიც ჩავიდნენ, თუმცა სოფელში შესვლის ნებართვა პოლიციამ არც მათ მისცა.

დღის ამბები