24 ნოემბერი 2020,   20:03
ვრცლად
ნიკა გვარამიას საქმე - უფლებადამცველს სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 

ნიკა გვარამიას უფლებადამცველს საქალაქო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა. კანონმდებლობის მიხედვით, ადვოკატს მოსამართლის დადგენილების სააპელაციოში გასასაჩივრებლად 48 საათი აქვს.

დოკუმენტი 8 გვერდისგან შედგება. მოსამართლე კერატიშვილი განჩინებაში განმარტავს, იმ მიზეზებს, რის გამოც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

მოსამართლე გიორგი კერატიშვილი ასევე წერს განჩინებაში, რომ არსებობს საფრთხე გვარამიას მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის განხორციელების საფრთხე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებობს "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმალვის საფრთხეც. 

თუმცა უფლებადამცველის განცხადებით, განჩინებაში არაფერია ნათქვამი თავად ნიკა გვარამიას პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს დაკისრებული გირაოს გადახდას. 

დიმიტრი საძაგლიშვილი პროცედურულად არსებულ არაერთ შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

„პრინციპში, შაბლონური დასაბუთებით არის შემოფარგლული მოსამართლე. კერძოდ, ის აპელირებს იმაზე, რომ საქმეზე შესაძლოა დაკითხული იქნენ ის პირები, რომლებთანაც ნიკა გვარამიას ჰქონდა სამსახურეობრივი ურთიერთობა და ამიტომ არსებობს იმის რისკი, რომ მან შეიძლება ზეწოლა მოახდინოს მათზე, რათა მიაცემინოს მისთვის სასურველი ჩვენება და სასამართლომ ჩათვალა, რომ 40 ათასი ლარის გადახდით, ეს რისკი გამოირიცხება. ამასთან, საუბარი არის მიმალვის რისკზე. ხაზგასმულია ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია ბოლო 2 წლის განმავლობაში 25-ჯერ არის ქვეყნიდან გასული და შემოსული. მართალია, იქვე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეალურად, ადრეც ყოფილა ნიკა გვარამიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გარდა ამისა, დაბარებული იყო სხვა საქმეებზე და არც ერთხელ, მას არ ჰქონია არც მიმალვის მცდელობა, არც მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, თუმცა სასამართლომ არ ჩათვალა ეს საკმარის არგუმენტად რომ უარი ეთქვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. განჩინებაში არაფერი არ არის ნათქვამი თავად ნიკა გვარამიას პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს გირაოს გადახდას. ეს საკითხი მსჯელობის მიღმა დარჩა.“ - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ გვარამიას ბრალი პროკურატურამ ისე წარუდგინა, რომ მას საქმის მასალები შესწავლილი არ ჰქონდა.

„ზოგადად, პროკურატურის მოვალეობაა, ჯერ გამოიკვლიოს ინფორმაცია, და მერე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც არის ბრალის წარდგენა. თუ საკითხი ეხება რაღაც ფინანსურ დანაშაულს, ბუნებრივია, ამისთვის საჭიროა შესაბამისი დასკვნების არსებობა და ამ დოკუმენტაციის გაანალიზება. ჩვენ შემთხვევაში როგორ მოიქცა პროკურატურა? ჯერ ბრალი წაუყენეს და მერე აპირებენ რომ შეისწავლონ ის მასალა, რაც მათ ამოღებული აქვთ "რუსთავი 2"-დან და "ინტერმედიიდან". ეს, ბუნებრივია, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პროკურატურას, რეალურად, კი არ აინტერესებს გარკვევა საქმეში და მერე გადაწყვეტილების მიღება, არამედ ჯერ იღებს გადაწყვეტილებას, ასრულებს დაკვეთას და შემდეგ შეეცდება ის, რომ „გააპრავოს“ ეს გადაწყვეტილება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პროცედურული საკითხებიც კი არ ყოფილა დაცული. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსით, პროკურორი და გამოძიება ვალდებულია, რომ ადვოკატს გადასცეს მის ხელთ არსებული მასალა, და ამის თაობაზე უნდა შედგეს ოქმი. ეს არის კანონის მოთხოვნა. თუმცა, მე გადმომეცა დოკუმენტაცია, რომლის ნაწილი იყო აღრიცხული და დანომრილი, ხოლო მეორე ნაწილი იყო უბრალოდ ყუთებში ჩაყრილი. არც აღრიცხული, არც დანომრილი არ ყოფილა“ - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა

სასამართლომ "რუსთავი2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 40 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და დამატებითი აკრძალვებიც დაუწესა. გვარამიას ქვეყნის დატოვება ეკრძალება. "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე აბსურდულია, სწორედ ამიტომ, გირაოს გადახდას არ აპირებს.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ გირაო ერთი თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ნიკა გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები