26 ნოემბერი 2020,   19:41
ვრცლად
მავთულხლართებით გაყოფილი საქართველო და მოქალაქეები, რომლებმაც კრემლის სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადეს  

მავთულხლართებით გაყოფილი საქართველო - უკვე 11 წელია, სოფელ ერგნეთში  მავთულხლართებია გაბმული. ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსეთის სისასტიკე საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა. მოსახლეობას მავთულხლართებით გაყოფილი საქართველო ყოველ დღე ახსენებს რუსული აგრესიის სისასტიკეს, აგვისტოს დღეებში მოკლულ თანასოფლელებს და გადამწვარ სახლებს. 

კარგად იციან, რომ ომი 11 წლის წინ აგვისტოში არ დაწყებულა, ბევრად ადრე ხედავდნენ რუსი ოკუპანტების და მათი მხარდაჭერილი სეპარატისტების მზადებას და მუდმივ პროვოკაციებს, რომელიც ადგილობრივებს მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ აძლევდა.

რუსული აგრესიის კიდევ ერთი მსხვერპლი გივი მახარაძეა. დაბომბვის შედეგად მისი სახლი განადგურდა. ამბობს, რომ მთავრობამ მხოლოდ ის სახლები აღადგინა, რომლებიც მთლიანად დაიწვა. უკან დაბრუნება ამ ადამიანების არჩევანი იყო. არ მიატოვეს სოფელი, სადაც ახლა მავთულხლართები გადის, ამის მიუხედავად, ვერ გრძნობენ, რომ გვერდით უდგას მთავრობა და მძიმე ყოფას სოციალური პრობლემებიც ემატება.

ერგნეთში ომის მუზეუმი 2008 წლის ომის ისტორიას ინახავს. დაბომბილი საცხოვრებელი სახლის სარდაფში რუსული აგრესიის შედეგების დემონსტრირება სახლის პატრონმა, ლია ჩლაჩიძემ 2017 წელს გადაწყვიტა. მუზეუმში თავმოყრილია, თითქმის, ყველა ის ნივთი, რომელიც რუსულ ბომბებს გადაურჩა.

ომიდან 11 წლის შემდეგ სოფელ ერგნეთში საპროტესტო აქცია გამართა „ევროპულმა საქართველომ“. სოფელი, რომელიც რუსულმა ჭურვებმა გაანადგურა, სიმბოლურად, შეარჩიეს და რუსული ოკუპაცია სწორედ იქ გააპროტესტეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ როდესაც ხელისუფლების უმაღლესი პირები ომის დაწყებაში საქართველოს ღიად ადანაშაულებენ, ეს ქვეყნის დეოკუპაციას მნიშვნელოვნად ართულებს.

ომის დაწყების დღეს ოკუპაციის მუზეუმში მივიდნენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები. გრიგოლ ვაშაძე 11 წლის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. კარგად ახსოვს აგვისტოს მძიმე დღეები, როდესაც პირველივე რიცხვებიდან რუსეთის არმიამ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, შემოიჭრა და ომი დაიწყო.

რუს ოკუპანტებს, რომლებიც მავთულხლართების მიღმა მოძრაობენ, ადგილზე "რუსთავი 2-ის" კამერის გამოჩენა არ გამოპარვიათ. რუსი სამხედრო გადამღები ჯგუფის გამოჩენისთანავე ადგილზე გაჩნდა, ბუჩქებიდან აკვირდებოდა და ყურადღების მიქცევისთანავე, ბუჩქებში დაიმალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები