06 დეკემბერი 2020,   03:56
ვრცლად
"ისტორიულად სწორი იქნებოდა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს" - ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი რუსულ აგრესიას, საქართველოს მხრიდან ოსი ხალხის გენოციდს უწოდებს. ანატოლი ბიბილოვის თქმით, ისეთი მცირერიცხოვანი რესპუბლიკისთვის, როგორიც სამხრეთ ოსეთია, 500 გარდაცვლილი უკვე გენოციდის ტოლფასია.

რუსეთ-საქართველოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე ბიბილოვი ისევ რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის აუცილებლობაზე საუბრობს. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ოსი ხალხისთვის ისტორიული სამართლიანობა იქნება, თუ სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდება და რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდება.

გარდა ამისა, ე. წ. პრეზიდენტის თქმით, რუსული მხარის დახმარებით მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მათი დამოუკიდებლობა გაეროს წევრმა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიაროს.

„საქართველო ამერიკიდან იმართება, ეს ფაქტია. გენოციდის აღიარების გარეშე, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების გარეშე - ვერ გვექნება ვერანაირი ურთიერთობა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 95 პროცენტი რუსეთის მოქალაქეა. ოსეთი, როგორც ერთიანი სახელმწიფო რუსეთის იმპერიაში 1974 წელს შევიდა. ისტორიულად სწორი იქნებოდა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეს. ხალხი დაყოფილად არ უნდა ცხოვრობდეს, მით უმეტეს, მცირე ნაწილი რესპუბლიკაში და დიდი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაში. ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა რუსეთის ნაწილი იყოს და ამის შემდეგ დაიწყოს მუშაობა, რომ ოსეთი იყოს ერთიანი და არ იყოს დაყოფილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთად,“ - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

 

დღის ამბები