26 ნოემბერი 2020,   20:06
ვრცლად
„რუსთავი 2-სთვის" ბრძოლის ახალი ეტაპი - ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებს  

„რუსთავი 2-სთვის" ბრძოლის ახალი ეტაპი რამდენიმე დღეში დაიწყება. არხის ყველაზე ცნობილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი, ია კიწმარიშვილი სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებს.

დღეს „რუსთავი 2-ის" დამფუძნებელი 55 წლის გახდებოდა. ეროსი კიწმარიშვილის ქვრივმა ახალი ბრძოლის დაწყება მეუღლის საფლავზე დააანონსა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს ტელევიზიაში კიწმარიშვილის წილების დასაბრუნებლად.

„რუსთავი 2-ის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ია კიწმარიშვილი კომიკურს უწოდებს. ამბობს, რომ ქვეყნის უმსხვილესი ტელევიზია იმ ადამიანის ხელში აღმოჩნდა, რომელსაც „რუსთავი 2“ არასდროს ეკუთვნოდა და აქციების 100 პროცენტი შემთხვევით მიიღო.

ეროსი კიწმარიშვილსა და „რუსთავის 2-ს" შორის რომ დიდი ტოლობის ნიშანია, გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე თავად არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თქვა. კიწმარიშვილმა ბურუსით მოცულ სიკვდილამდე ქვეყნის მთავარ ოლიგარქს მიანიშნა, „რუსთავი 2-ის" ბედზე ყველაზე მეტი მან იცოდა და მის გარეშე ტელევიზიას ივანიშვილი ვერ დაეუფლებოდა.

პრესკონფერენციიდან 18 თვის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს. საბედისწერო დღიდან 5 წელი გავიდა. მისი ოჯახი დარწმუნებულია, რომ არხის დამფუძნებელი მოკლეს, პროკურატურამ კი საქმე განზრახ არ გამოიძია.

სამართალდამცველები ამ დრომდე არ საუბრობენ იმ უამრავ შეუსაბამო გარემოებაზე, რომელიც კიწმარიშვილის საქმეში იკვეთება. მთავარი დეტალი ამ დრომდე ეროსის სხეულზე ტრაგედიის დღეს აღმოჩენილი სისხლის კვალია, ექსპერტიზის დასკვნით, თვითმკვლელობის შემთხვევაში თეორიულადაც კი წარმოუდგენელია, მარჯვენა მტევანზე სისხლის წვეთები არსებული სახით ყოფილიყო. როგორ გაისროლა უკუღმა ეროსი კიწმარიშვილმა საკუთარი მისამართით, ამისთვის პასუხი გამოძიებას ჯერ კიდევ 2 წლის წინ უნდა გაეცა.

ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის სურვილია, რომ "რუსთავის 2-ის" ირგვლივ რეალურმა და არა ფსევდოსამართალმა იზეიმოს.

ქიბარ ხალვაშმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მისმა ადვოკატმა და "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ კი თქვა, რომ ხალვაში ია კიწმარიშვილს უახლოეს დღეებში შეხვდება და თავად გაერკვევა, რა მოთხოვნა აქვს ტელევიზიის დამფუძნებლის მემკვიდრეს.

 

დღის ამბები