24 ნოემბერი 2020,   19:18
ვრცლად
გაუმართავი და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - თბილისის მეტრო საშიშ ტრანსპორტად იქცა

თბილისის მეტრო, რომლითაც საათში ათიათასობით ადამიანი სარგებლობს, დიდი ხანია უკვე ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი აღარ არის. ჯერ ისევ გაურკვეველია, როდის მოწესრიგდება გაუმართავი და დაზიანებული ინფრასტრუქტურა. 

დღეში რამდენჯერმე, ბოდიშს მეტროპოლიტენის მგზავრებს, შექმნილი დისკომფორტისთვის უხდიან. ადგილობრივ რადიოში ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად აცხადებენ, რომ მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ გახდა საჭირო მეტროპოლიტენით სარგებლობის დროის შეზღუდვაც. 

თბილისის მცხოვრებთათვის საშიშ მეტროსადგურებს მეტრო ახმეტელიც დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ სადგურის რეაბილიტაცია 2017 წელს დასრულდა, ჭერის დემონტაჟი გახდა საჭირო. 

მეტრო ახმეტელის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიას ჯამში 523 ათასი 215 ლარი დაუჯდა. მეტრო ახმეტელის თეატრი შპს „ყვარელმშენს“ უნდა გაერემონტებინა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. სარემონტო სამუშაოები შპს „დამბამ“ 2017 წლის აგვისტოში დაასრულა, თუმცა როგორც ჩანს ხარვეზით.

შპს „ყვარელმშენის“ მიერ იყო გარემონტებული მეტროსადგური ვარკეთილიც, რომლის ჭერის ჩამონგრევის შედეგად გასულ წელს 14 ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ მეტროსადგური ისევ სარეაბილიტაციო სამუშაოების რეჟიმშია. თბილისის მერი ამბობს, რომ კონტროლს ამკაცრებს, თუმცა ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და ჯერ არც ერთი პირის პასუხიმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ფაქტს, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია არ დასრულებულა, თბილისის საკრებულოს ოპოზიცია არასწორი მენეჯმენტით ხსნის. დეპუტატები ამბობენ, რომ შეუსრულებელი სამუშაოების გამო, მინიმუმ ვიცე მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

მეტროპოლიტენში მუდმივ განახლებით სამუშაოებს და დაუსრულებელ რეაბილიტაციას თბილისის მერიის არაპროფესიონალიზმს უკავშირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

უცნობია როდის განახლდება სარემონტო სამუშაოები მეტრო „გურამიშვილზე“, რომელიც ამ დრომდე შეჩერებულია. რეაბილიტაცია იქ „სამგორისა" და „ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოებთან ერთად, დროებით იანვარში გაჩერდა. 

დღის ამბები