06 დეკემბერი 2020,   03:15
ვრცლად
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სკანდალში ეხვევა - ანზორ მარგიანის თანამდებობაზე დასანიშნად აფხაზეთის კონსტიტუცია შეცვალეს 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო სკანდალში ეხვევა - ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებები ერთი კონკრეტული ადამიანის გამო შევიდა და ახალი თანამდებობა შეიქმნა. მაღალჩინოსანი, ანზორ მარგიანი პოლიტიკურ თანამდებობაზე მაისში დაინიშნა და ამისთვის აფხაზეთის კონსტიტუციის შეცვალეს. 

კონსტიტუციონალისტები გაოგნებას ვერ მალავდნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის აფხაზეთის მთავრობაში დასანიშნად, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში სპეც-თანამდებობა ჩაამატეს.

რა საჭირო იყო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და ამისთვის ავტონომიის კონსტიტუციის შეცვლა - ანზორ მარგიანი ხელისუფლებას ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის სჭირდებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებებიც ამის გამო გარისკა. ზუგდიდში არჩევნების დღეს გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს მარგიანი, რომელიც კარდაკარ დადის და „ქართული ოცნებისთვის“ ხმებს აგროვებს. პოლიტიკური ჯილდოდ მიღებული თანამდებობის შესახებ, ყოფილ პოლიციელს დღეს საუბარი არ სურს.

მარგიანის კარდაკარ სიარულის კადრები ზუგდიდში ხატია დეკანოიძემ გადაიღო. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ძალიან საშიში ნაბიჯი გადადგა. შეცვლა ავტონომიის კონსტიტუცია მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილი პოლიციელისთვის თანამდებობა მიეცა.

აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში სრული ქაოსია, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის სკანდალის შემდეგ, ახლა ახალი და ბევრად უფრო დიდი სკანდალი გორდება. ირკვევა რომ პოსტებს აქ იკავებენ ადამიანები, რომელთა ძირითადი საქმიანობა დევნილების ტერორი და საარჩევნოდ, „ქართული ოცნებისთვის“ ხმების მოგროვებაა. ანზორ მარგიანის ახალ თანამდებობაზე გამწესების შემდეგ, მის მრჩევლად დავით მხეიძე დანიშნეს. მხეიძის მამის სახელი, რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. 

კონსტიტუციის შეცვლისთვის და ახალ თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნისთვის აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ერთი დეპუტატის, ოლგა ნაგარნინას ხმა სჭირდება. ნაგარნინა სხდომებზე არ დადის და ის რუსეთს მიერ ოკუპირებულ დონეცკში ცხოვრებს. ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ ის კენჭისყრის დროს, ხმის მისაცემად ჩამოიყვანა. საეჭვოა ამ დეპუტატის კავშირები ოკუპანტ ქვეყანასთან. ნაგარნინას შვილი, კარინა სიჭინავა უკრაინამ ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა, რადგან ის დონეცკის სეპარატისტული რეჟიმის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო ახლა კი უკვე არ აღიარებული ხელისუფლების მოსამართლედ დაინიშნა.   

კანონის თანახმად დეპუტატი, რომელიც 8 სხდომას არ დაესწრება და საპატიო მიზეზსაც ვერ დაასახელებს, უფლებამოსილება უწყდება. ნუგზარ მგალობლიშვილი გვიყვება რომ ნაგარნინას ამის შესახებ აცნობეს და უახლოეს მომავლში ის საქართველოში ჩამოსვლას და საკუთარი თანამდებობის დაცვას აპირებს. 

დღის ამბები