29 მაისი 2022,   09:51
ვრცლად
ცრუ ჩვენებები ოქრუაშვილის წინააღმდეგ - ოპოზიციის მტკიცებით, წვევამდელებს წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე ხელის მოწერა აიძულეს

ცრუ ჩვენებები ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ- ოპოზიცია ამტკიცებს, რომ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის წინააღმდეგ რამდენიმე სამართალდამცველსა და წვევამდელს ყალბი ჩვენების მიცემა აიძულეს. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რამდენიმე წვევამდელს თავად შეხვდა და მათ დაუდასტურეს, რომ მათ წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე ხელი ზეწოლის ქვეშ მოაწერინეს.  

ოპოზიციის თქმით, ოქრუაშვილზე სახელისუფლებო და პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარე დევნა პირდაპირ კავშირშია "რუსთავი 2-ის" საქმესთან. გამოძიების დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრით 20 ივნისის საქმეზე სამართალდამცველები მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ოქრუაშვილი "რუსთავი 2-ის" მფლობელობის საკითხზე გააქტიურდა.

ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში 20 ივლისს დაბრუნდა და იმავე დღეს "შაბათის კურიერს" სკანდალური ინტერვიუ მისცა. მანამდე ოქრუაშვილი ამბობდა, რომ საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილის შუამავლებმა "ქართული ოცნების" ლიდერის გზავნილი გადასცეს, ივანიშვილი ოქრუაშვილს აფრთხილებდა, რომ თუ საქართველოში დაბრუნდებოდა, მას დააკავებდა. მუქარა დაბრუნებიდან ოთხ დღეში შესრულდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ მოვლენების საეჭვო დამთხვევას ერთდერთ დასკვნამდე მივყავართ, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ციხეში პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივით ჩასვეს. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ზეწოლისგან დასაცავი ერთ-ერთი მთავარი ობიექტი ახლა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიტანილი სკანდალური დოკუმენტი ინახება. ოქრუაშვილის მტკიცებით, დოკუმენტში, რომლის ავთენტურობას სამი უცხოელი ექსპერტი ადასტურებს, ის და ქიბარ ხალვაში ასევე ხელმოწერით ადასტურებენ, რომ "რუსთავი 2" ირაკლი ოქრუაშვილის საკუთრებაა, ხოლო ქიბარ ხალვაში მისი ნომინალური წარმომადგენელია.

ხელმოწერის ნამდვილობის დადგენამდე კი, ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები