23 მაისი 2022,   14:31
ვრცლად
ოპოზიციონერ დეპუტატს ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოება სასამართლომ აუკრძალა - მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა

ოზურგეთის სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერ დეპუტატს ელგუჯა ბაგრატიონს ბიძინა ივანიშვილის საზაფხულო რეზიდენციასთან მიახლოვება აუკრძალა. მოსამართლე ციცო როხვაძის გადაწყვტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მოსამართლემ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ელგუჯა ბარატიონს შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 მეტრის რადიუსზე მიახლოება აუკრძალა. აღკვეთი ღონისძიების სახით კი 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

უზენაესი საბჭოს დეპუტატს გამოძიება ივანიშვილის საზაფხულო რეზიდენციის შესასვლელთან დამონტაჟებული უსაფრთხოების კამერის დაზიანებას ედავება.

თადუმაძის უწყება შუამდგომლობაში, პირდაპირ წერს, რომ ბრალის წარდგენის მიუხედავად, ელგუჯა ბაგრატიონი ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციებში მონაწილეობას განაგრძობდა.

ადვოკატის შეფასებით, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაუსაბუთებელი და ანტიკონსტიტუციურია. განსხვავებული პოზიცია აქვს პროკურატურას.

დღევანდელ პროცესს ოზურგეთში ოპოზიციაც ესწრებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შერჩევით სამართალზე და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატის პროცესის პარალელურად, შეკვეთილში იმ ტერიტორიაზე სადაც აქციები თვეზე მეტია მიმდინარეობს, პოლიციამ კარვების აღება დაიწყო.

მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობისა, ბიძინა ივანიშვილის სახლთან კარვების ნაწილი ისევ რჩება. აქციის მონაწილეები დაშლას გიორგი გახარიას გადადგომამდე არ აპირებენ.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები