23 მაისი 2022,   15:03
ვრცლად
დავით გარეჯში ვითარება დღითიდღე იძაბება - აზერბაიჯანულ მხარეს სადავო ტერიტორიაზე კონტროლი აქვს დამყარებული

დავით გარეჯში ვითარება დღითიდღე იძაბება. სადავო ტერიტორიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც მესაზღვრეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ტურისტებისა და მომლოცველებისთვის თვეების განმავლობაში ჩაკეტილ ტაძრებამდე უკვე ეკლესიის მსახურებსაც აეკრძალათ მიახლოვება. აღდგომის ტაძრისკენ, ჩიჩხიტურის მონასტრისა და კელიებისკენ ლოცვისთვის მღვდლებიც აღარ გაატარეს.

აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის პერიმეტრზე მესაზღვრეების ახალი დანაყოფები ჩააყენა და მათი რაოდენობა გაასამმაგა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის თემაზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 18 აგვისტოს გაიმართება. დღეს ქართველმა დიპლომატებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასაზღვროს ზონაში კონტიგენტი გაზარდეს.

უკვე თვეებია, დაკეტილია აღდგომის ტაძარიც და ტაძრამდე მისასვლელი ბილიკიც. არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, აზერბაიჯანული მხარე პოზიციებს არ თმობს.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა ჩიჩხიტურის მონასტერთან, სადაც ქართველი მესაზღვრეები კილომეტრების დაშორებით დგანან და გადაადგილების უფლებას არავის აძლევენ.

ადამიანები, რომლებიც უკვე თვეებია, წმინდა და ისტორიულ ადგილს საკუთარი ძალებით იცავენ, ფიქრობენ, რომ ხელისუფლების პასიურობა ერთადერთ ფაქტზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დავით გარეჯი დათმოს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა დავით გარეჯის თემაზე დღეს ისტორიკოსებს შეხვდება, ხვალ კი ოფიციალური წერილით საგარეო უწყებას მიმართავს და დავით გარეჯაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას მოსთხოვს.

დღის ამბები