20 ოქტომბერი 2020,   10:37
ვრცლად
სოლიდარობა რუსული სანქციებით დასჯილ ქართველ მორაგბეებს - მსოფლიო რაგბის ფედერაციაში რუსეთის წინააღმდეგ წერილი გაიგზავნება

სოლიდარობისთვის დასჯილი ქართველი მორაგბეები. 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქტივისტებისადმი და აქციის მონაწილეებისადმი სოლიდარობა, რუსულ კლუბში მოასპარეზე სპორტსმენებისთვის კონტრაქტის გაწყვეტის საფუძველი გახდა. საბა ილურიძემ და რეზი ბროძელმა რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მეტოქის ნახევარზე დადებული ლელო, ცალ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს.

ამის შემდეგ გუნდ ”სლავას” ხელმძღვანელობამ მათ კონტრაქტი შეუწყვიტა. მორაგბეები საქართველოში ხვალ ბრუნდებიან, ისინი ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებენ.

ერთ-ერთი სპორტსმენი, საბა ილურიძე „კურიერთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი, მათი სოლიდარობის ჟესტი გახდა. 

ქართველ მორაგბეებს სოლიდარობას უცხადებენ ვეტერანი მორაგბეები. მათი თქმით, რუსული კლუბის მესვეურების სადამსჯელო ღონისძიება არასწორი ქმედებაა და ეს საკითხი სპორტსმენების სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. 

„ჩემი აზრით, ბიჭებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ფაქტებს, რაც საქართველოში მოხდა. რა შუაში არიან, რატომ უნდა დაისაჯონ ამის გამო. ჩემი აზრით, რაგბისტებისგანაც იქნება მხარდაჭერა ჩვენი ბიჭების მიმართ. სპორტი და პოლიტიკა არ უნდა იყოს გაიგივებული ჩვენი სპორტსმენების საქმეა ვემსახუროთ საქართველოს,“-ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბე, დიმიტრი ბასილაია.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი აბუსერიძე, რომელიც თავად ყოფილი მორაგბეა, ამბობს, რომ ქართველი მორაგბეების საკითხს კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად განიხილავენ. აბუსერიძის თქმით, ის აპირებს მსოფლიო რაგბის ფედერაციასაც მიმართოს. 

„რაგბის კავშირმა უნდა დაიცვას იმ ბიჭების ინტერესები რომლებიც ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჩვენც ვაპირებთ პარლამენტის სპორტის კომიტეტი განვიხილოთ ეს საკითხი, ვაპირებ მივწერო მსოფლიო რაგბის ფედერაციას, რათა დაცული იყოს ამ ბიჭების ინტერესები. პოლიტიკა და სპორტი ცოტა... არ უნდა იჩაგრებოდეს ამ სიტუაციაში მოთამაშეები,“-ამბობს აბუსერიძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე კი აცხადებს, რომ კავშირი მომხდარს სწავლობს და ყველა ღონეს იხმარენ ქართველი მორაგბეების ინტერესები დაცული იქნას. სვანიძე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსოფლიო რაგბის კავშირსაც მიმართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები