25 ოქტომბერი 2020,   12:47
ვრცლად
რუსული ავიაკომპანიების ნაწილმა საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა შეაჩერა 

რუსულმა ავიაკომპანიებმა, ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესრულება დაიწყეს. ავიაკომპანიებმა, „სმარტავიამ“, „პაბედამ“, „რედ ვინგზმა“ და „ეს 7“-მა, საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე შეაჩერეს.  

რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ გამოცემული ბრძანებით, საქართველოში ფრენები აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვლადიმერ პუტინის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანია, რუსეთის ეროვნული ინტერესების და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა.

ბრძანების მიხედვით, რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ტურისტების შემოყვანა 8 ივლისიდან უნდა შეწყვიტონ. 

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობას, საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ზომების მიღებას ავალებს. 

ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დამატებითი განმარტებები დიმიტრი მედვედევმა და დიმიტრი პესკოვმა გააკეთეს.

კრემლის პრესსპიკერი ამბობს, რომ ფრენებზე და მოგზაურობაზე აკრძალვა იქამდე დარჩება ძალაში ვიდრე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ყველა საფრთხე არ აღმოიფხვრება და ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება არ მოხდება.

დიმიტრი მედვედევი კი პირდაპირ ამბობს, რომ მოსკოვმა გათვლა საქართველოს ეკონომიკისთვის პრობლემების შექმნაზე გააკეთა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც უპასუხა.

"სამწუხაროა რომ ასეთ რიტორიკას ზურაბიშვილისგან ვისმენთ" - აცხადებს რუსეთის მთავრობის მეთაური და აღნიშნავს, რომ მოვლენების რუსეთზე გადაბრალება რეალური სიტუაციის დამახინჯებაა.

მისივე თქმით, კრიზისს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია ამწვავებს იმ მიზნით რომ ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა ააფეთქოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები