სამშაბათი, 22.07.14   02:01
 
1 2
2010, 04 ივნისი 18:54   ბეჭდვა

ქუმარიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, საფოსტო მარკები დაიბეჭდება

ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის უკვდასაყოფად, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში სპორტსმენის სახელობის საფოსტო მარკები დაიბეჭდება.

მარკის ესკიზის პრეზენტაცია დღეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ნოდარ ქუმარიტაშვილის დედა და და საქართველოს პირველი ლედი  სანდრა ელისაბედ რულოვსი ესწრებოდნენ.        

საფოსტო მარკაზე გამოსახულია ნოდარ ქუმარიტაშვილის ცნობილი ფოტო, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე სავარჯიშო დაშვებისას გადაღებული. მასზე მითითებულია ქუმარიტაშვილის დაბადებისა და გარდაცვალების წლები; ასევე მარკაზე გამოსახულია ოლიმპიური თამაშების ემბლემა. საფოსტო მარკის ღირებულება  5 ლარი იქნება. ის მიმოქცევაში დაახლოებით თვენახევარში გაეშვება. 

ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის შექმნის იდეით საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი გამოვიდა, რომელმაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართა. აღნიშნული ინიციატივა სამინისტრომ გაიზიარა და საფოსტო მარკის გაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. "საქართველოს ფოსტის" მიერ ოპერატიულად შემუშავდა საფოსტო მარკის ესკიზის რამდენიმე პროექტი და ამ პროექტებიდან საუკეთესოს ავტორიც გამოვლინდა. 

"ნოდარ ქუმარიტაშვილი იყო განსაკუთრებული ბავშვი, იყო აგნსკუთრებული ბიჭი. ჰქონდა დიდი მონდომება და იცოდა შრომის ფასი. იგი ნამდვილი თვითნასწავლი და თვითშექმნილი გმირი იყო," - განაცხადა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.


© 1994-2009, Rustavi 2 Broadcasting
All contents copyrighted
All rights reserved