24 აპრილი 2018,   07:08
ვრცლად
"უზნეო განცხადებები გაკეთდა მიზანმიმართულად იმისათვის, რომ გამოხმაურება ყოფილიყო ასეთი"-გია ვოლსკი "რუსთავი 2"-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, "რუსთავი 2"-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ სწორედ მიზანმიმართულმა განცხადებებმა მოახდინა იმის პროვოცირება რაც გუშინ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების მიმართ „ქართული მარშის“ წევრებმა ჩაიდინეს.

„უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისათვის, რომ  გამოხმაურება ყოფილიყო ასეთი, ამდაგვარი აგრესიული და მე ვფიქრობ , რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური  გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხდომებზე, რაც "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა  დაუშვა, შეურაცხყო რა ჩვენი ყველას რელიგიური გრძნობები. მკრეხელობაზე აქ არ არის საუბარი. მე ვფიქრობ აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი  ვითარება,“-განაცხადა გია ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი უზნეობა აძლევს გარკვეულ სტიმულს აგრესიულ ქმედებას , რომელიც კანონსაწინააღმდეგოა.

ე.წ. ქართული მარშის წევრები "რუსთავი 2-ის" ოფისსა და ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება ნახევარი საათის მანძილზე უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში" გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები