21 ივნისი 2018,   23:25
ვრცლად
მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მესაუბროს დეკანოზ მამალაძის თემაზე - ნიკა გვარამია

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მესაუბროს ამ თემაზე,“ - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ დეკანოზ მამალაძესთან დღევანდელი შეხვედრის შეფასებისას გააკეთა.

ნიკა გვარამიამ დეკანოზი მატროსოვის ციხეში მოინახულა და აღნიშნა, რომ ის ხელისუფლების და საპატრიარქოს მძევალია.

დეკანოზმა ნიკა გვარამიას მასთან მისვლა თავად შესთავაზა.

ნიკა გვარამიამ არჩევანის ეთერიდან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და დეკანოზის საქმის ახალ დეტალებთან დაკავშირებით შეხვედრისა და საუბრისკენ მოუწოდა.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მესაუბროს ამ თემაზე. მე მაქვს შესაძლებლობა, პირადაც დავუკავშირდე და ვთხოვო შეხვედრა, მაგრამ არ მინდა, რომ ეს საჯაროდ არ გავაკეთო. მე მინდა, რომ საჯაროდ ვთხოვო მას შეხვედრა და მოვუყვე მას ყველა დეტალი ამასთან დაკავშირებით. თუმცა, არსებობს მეორე გამოსავალიც, მას ჰყავს ისეთი ადამინები სამსახურში, რომლებიც შეძლებენ შეხვედრას მამალაძესთან და ადეკვატური ინფორმაციის გამოტანას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, პრეზიდენტს ინფორმაციის მიღება სახალხო დამცველის დახმარებითაც შეუძლია. ნიკა გვარამიას თქმით, დეკანოზი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტიც ჩართულია მის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში და არც იმას, რომ პრეზიდენტზეც მიმდინარეობს გარკვეული ზეწოლა.

დღის ამბები