19 სექტემბერი 2018,   23:05
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა სია უკვე ცნობილია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა სია უკვე ცნობილია. დღეს 10 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრებები ბორდის წევრობის პრეტენდენტებთან, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის მეგობარი - ზაზა შათირიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი შესარჩევი კომისიისთვის დღეს იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ არხის გენერალურ დირექტორთან ახლო მეგობრობა საქმიანობაში ხელს არ შეუშლის. 

ზაზა შათირიშვილთან მეგობრობა დღეს არც ვასილ მაღლაფერიძეს დაუმალავს. მაღლაფერიძე ამტკიცებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოთხმხრივი შეხვედრისა და შათირიშვილის ლობირების შესახებ, აბსურდია.

12 კანდიდატიდან, რომელიც დღეს კომისიამ 10-საათიანი გასაუბრებების შედეგად შეარჩია, ზაზა შათირიშვილი ერთ-ერთია, ახლა ჯერი პარლამენტზეა. შერჩეულ 12 კანდიდატს შორის არიან ზვიად დევდარიანი, ნინია კაკაბაძე და ბაია პატარაიაც. მათი ნაწილი პროცესს სკეპტიკურად უყურებს და არც კონკურენტების მწვავე კრიტიკას ერიდება.

კანდიდატები თვლიან, რომ კონკურენცია მაღალია, რესურსი კი საკმარისი საიმისოდ, რომ პარლამენტმა ობიექტური და სამართლიანი არჩევანი გააკეთოს.

12 შერჩეულ კანდიდატს კომისია პარლამენტს უახლოეს მომავალში გადაუგზავნის. ამის შემდეგ საპარლამენტო ორგანოს აქვს 10-დღიანი ვადა, იმსჯელოს და მათგან 4 ბორდის წევრად დაამტკიცოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები