14 დეკემბერი 2018,   11:10
ვრცლად
ცხინვალის ციხეში სამხედროს გარდაცვალება - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები საოკუპაციო რეჟიმს მკვლელობაში ადანაშაულებენ

ცხინვალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები საოკუპაციო რეჟიმს მკვლელობაში ადანაშაულებენ და მომხდარის დეტალების გარკვევას მოითხოვენ. 

არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს შეიარღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და მონაწილეობდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებშიც, თუმცა როგორც მისი ნათესავები ყვებიან, 2008 წელს საომარ მოქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია.

ახალგორის რაიონიდან დევნილი საქართველოს მოქალაქე ორ მეგობართან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გუშინ გაიტაცეს. ცხინვალის იზოლატორში მას ბრალად ოსების გენოციდი და დივერსიული აქტების მომზადება წაუყენეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში კი არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან მალევე ოკუპირებული ცხინვალის ტელევიზიამ ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსია გაავრცელა. სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტი ე.წ. უშიშროების სამსახურის ვერსიას იმეორებს და აცხადებს, რომ ტატუნაშვილი ქართული სპეცსამსახურების აგენტი იყო და რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების წინ ოკუპირებულ რეგიონში დივერსიულ აქტებს გეგმავდა.

ცხინვალის უშიშროების სამსხურის ვერსიით, დაკავებულმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, სამართალდამცველებისთვის იარაღის წართმევა სცადა, რა დროსაც მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს, რომ დაკავებული კიბიდან დაგორდა და დაიღუპა.

ქართულ მხარეს საოკუპაციო რეჟიმის ვერსიის არ სჯერა და პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულების დასჯა მოითხოვა.

საქართველოს ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაში რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს ადანაშაულებს. 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები