20 ივნისი 2018,   01:37
ვრცლად
აშშ-ს ელჩმა საქართველოში სამწლიანი მისია დაასრულა - კელიმ საჯარო გამოსვლისას მმართველ პარტიას თავშეკავებისკენ მოუწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში სამწლიან მისიას და 33-წლიან დიპლომატიურ კარიერას ასრულებს. დღეს იან კელის დიპლომატის რანგში ერთ-ერთი ბოლო საჯარო გამოსვლა ჰქონდა.

ქვეყნიდან გამგზავრებამდე ამერიკელი დიპლომატი მმართველ პარტიას თავშეკავებისკენ მოუწოდებს და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს მიხედოს დემოკრატიას.

იან კელიმ აქცენტი ასევე, დამოუკიდებელი სასამართლოსა და მედიის მნიშვნელობაზეც გააკეთა და თქვა, რომ მათ გარეშე დემოკრატია არ არსებობს.

ელჩის საჯარო გამოსვლას დარბაზში პოლიტიკოსები უსმენდნენ. ისინი ამერიკელი დიპლომატის ამ რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დემოკრატიის პრობლემებზე გაკეთებულ რეკომენდაციებზე ამახვილებენ ყურადღებას არასამთავრობო სექტორი.

იან კელიმ სხვადასხვა სფეროში მრავალმილიონიან ამერიკულ ინვესტიციაზეც ისაუბრა, უსაფრთხოების პარტნიორობის ერთ-ერთ ძირითად ნიშნად კი ჯაველინების ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა დაასახელა.

იან კელი საქმიანობას ჩიკაგოში, სტუდენტებთან გააგრძელებს და მათ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიას და პოლიტიკას ასწავლის.

დღის ამბები