22 აგვისტო 2018,   09:06
ვრცლად
სააკაშვილის ადვოკატები, მისი გატაცების და ქვეყნიდან გაძევების გამო, უკრაინის სამ უწყებას სასამართლოში უჩივიან

კიდევ ერთი სარჩელი უკრაინის სასამართლოში - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის გატაცებას და ქვეყნიდან გაძევების ფაქტს ასაჩივრებენ. ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარე უკრაინის სამი უწყებაა - საემიგრაციო და  საზღვრის დაცვის სამსახურები და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრო.

იურისტების თქმით, ეს ქმედება უკანონოა, რადგან სპეცოპერაციის ჩამტარებელ უწყებებს სასამართლოს შესაბამისი განჩინება არ ჰქონდათ.

ისინი ამავე სარჩელით ითხოვენ პასუხს, თუ ვისი თვითმფრინავით მოხდა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაფრენა და ვინ გადაიხადა ამ რეისის განხორციელებისთვის საჭირო თანხა. ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება პოროშენკოს ხელისუფლებას 30 ათას ევრომდე დაუჯდა.

ადვოკატების მიმართვის საფუძველზე სააკაშვილის საქმის შესწავლა უკრაინის სახალხო დამცველმაც დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილის გატაცებას და ქვეყნიდან გაძევებას იურისტები ევროსასამართლოშიც გაასაჩივრებენ.

სააკაშვილის თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებას პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მოიხსენიებენ.

დღეიდან სააკაშვილის თანაგუნდელებმა სხვა ოპოზიცურ ძალებთან კონსულტაციები ერთიანი კოალიციის ჩამოყალიბების მიზნით დაიწყეს.

18 იანვარს დაგეგმილი საპროტესტო აქცია პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გაიმართება და აქტივისტები უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

 

დღის ამბები