21 მაისი 2018,   18:56
ვრცლად
სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობა - დოდო გუგეშაშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ ახალი დეტალები ირკვევა

ნოდარ გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. დოდო გუგეშაშვილის 5-საათიანი დაკითხვის შემდეგ, მისი ადვოკატი 7 თებერვალს მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალებზე პირველად ალაპარაკდა.

გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელს, რომელმაც დოდო დაჭრა, მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი კი მოკლა, ოჯახი კარგად იცნობდა.

ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში დაკითხვის დროს დოდო გუგეშაშვილმა გაიხსენა, რომ თავდამსხმელს კარი თავად გაუღო, საუბრის შემდეგ კი სამზარეულოში სიგარეტის ასაღებად გავიდა, რა დროსაც გასროლის პირველი ხმა გაიგო.

დოდო გუგეშაშვილმა გამოძიებას მკვლელის ვინაობაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა. კრიმინალური პოლიცია ადასტურებს, რომ გამოძიებას რამდენიმე ვერსია აქვს.

გუგეშაშვილის ოჯახში მომხდარი მკვლელობის მოტივად, 15 წლის წინ, თბილისის ზღვაზე ნოდარ გუგეშაშვილის სტუდენტობის პერიოდში მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ. დაკითხული მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ სამართალდამცველები ცდილობენ, გუგეშაშვილების ნათესავებისა და ახლობლებისგან მიიღონ ინფორმაცია, ვისთან და რატომ ჰქონდა კონფლიქტი გარდაცვლილ ნოდარ გუგეშაშვილს.

„კურიერის“ ინფორმაციით, გარჩევაში მონაწილე პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი ახალგაზრდა გოგონა გახდა. ამ ფაქტიდან მალევე სამართალდამცველებმა ნოდარ გუგეშაშვილთან დაპირისპირებაში მყოფი პირი სულ სხვა საქმისთვის დააკავეს. 

დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალებას, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეატყობინებენ, რაც რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

გარდაცვლილს ხუთშაბათს დაკრძალავენ და სავარაუდოდ, პროცესიას დოდო გუგეშაშვილიც დაესწრება.

დღის ამბები