26 მაისი 2018,   18:07
ვრცლად
მესამე სექტორი მოსამართლე შონიას წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს

სასამართლოს დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ასე ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები კლუბ ბასიანთან მომხდარი ინციდენტის საქმის განხილვასთან დაკავშირებით. პრეტენზიები მესამე სექტორს პირველი ინსტანციის მოსამართლე, ბადრი შონიასთან, აქვს, რომელმაც სამი პირის, მათ შორის, ერთი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მიღებული გადაწყვეტილების გამო, მესამე სექტორი მოსამართლე შონიას წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას ითხოვს.

უფლებადამცველები დღევანდელ განცხადებაში მედიაში გავრცელებული ინფორმაცისაც მიუთითებენ, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკოსი, რომელმაც შესაძლოა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებზე გავლენა მოახდინა, დეპუტატი მამუკა მდინარაძეა. მას ბრალდებულის ადვოკატ ზაზა მესხთან ახლობლობა აკავშირებს და წლების განმავლობაში სამართალდამცავ უწყებაში ერთად მუშაობდნენ.

მოსამართლე შონია, რომელსაც დღეს საჯარო განმარტებების გაკეთება მოუწია, აცხადებს, რომ გადაწყვეტილება შინაგანი რწმენისა და კანონის საფუძველზე მიიღო.

დამოუკიდებელ ინსპექტორსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის დაწყება კონკრეტული მიმართვის საფუძველზე შეუძლიათ. ჯერ უცნობია, მოსამართლე ბადრი შონიას წინააღმდეგ მიმართავენ თუ არა მათ არასამთავრობო ორგანიზაციები.

კლუბ ბასიანთან შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თამაზ ქვლივიძე თავს დაესხა სამ პირს, მათ შორის, ერთ პოლიციელსაც და მათ დაზიანებები მიაყენა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები