19 თებერვალი 2018,   14:07
ვრცლად
პოლიტიკური პარტიები „ევროპულ საქართველოს“ „რუსთავი 2-ზე“ თავდასხმის გამო აკრიტიკებენ

„რუსთავი 2“-ის ეთერში ტექნიკურმა შეცდომამ დღეს პრაქტიკულად პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია. „კურიერში“ 21:00 საათზე NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილის შესახებ საუბრისას აღნიშნული იყო, რომ 12-დან 4 პროცენტამდე დაეცა "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერთა რიცხვი. უნდა თქმულიყო, რომ 12%-მდე დაეცა ჯამში სხვა პარტიების, „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად, მხარდამჭერთა რიცხვი. „ევროპულ საქართველოს“ ამ და წინა კვლევაშიც 4 პროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა.

აღნიშნულ ტექნიკურ შეცდომას ბრალდებები მოჰყვა „ევროპული საქართველოს“ მხრიდან. საპასუხო განცხადება ტელეკომპანიის ადმინისტრაციამაც გააკეთა და ამას შემდეგ „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი პასუხი მოჰყვა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები დამაზიანებელია „რუსთავი 2-სთვის“ და შესაძლოა, ევროსასამართლოში მის წინააღმდეგ გამოიყენონ.

პოლიტიკური პარტიები „ევროპულ საქართველოს“ „რუსთავი 2-ზე“ თავდასხმის გამო აკრიტიკებენ. „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზალიკო უდუმაშვილი „ევროპული საქართველოს“ განცხადებას ეხმაურება.

„სამწუხაროა, რომ დღეს „ევროპული საქართველო“ ერთი ერთში იმეორებს იმ ბრალდებებს, რაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გვესმის „რუსთავი 2-ის" მიმართ. სამწუხაროა და გასაკვირი იმ პარტიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაშიც არის ყველა ის მედია ზონდერი, რომელიც კი ჰყოლია „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვისი სუსხიც „რუსთავი 2-ს" თავის თავზე უგრძნია,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც „რუსთავი 2-ის" საკითხების განხილვა მიმდინარეობს, მსგავსი განცხადებების გავრცელება არ არის სახარბიელო.

„როდესაც იცი, რომ ტელევიზია დაშვებულ ხარვეზს აუცილებლად გამოასწორებს, არ არის სასურველი მსგავსი მძაფრი განცხადებების გაკეთება ტელევიზიის წინააღმდეგ. ის წააგავს „ქართული ოცნების“ განცხადებებს,“ - აცხადებს თამარ კორძაია.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ უმცირესობიდან „რუსთავი 2“-ზე შეტევა მიმართულია იმისკენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ევროსასამართლოში სარჩელი მოიგოს.

„თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია სამაუწყებლო კომპანიას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.

„საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ივანიშვილის ინტერესებში შედის „რუსთავი 2-სთვის“ ზიანის მიყენება.

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა „ევროპულ საქართველოს“ სატელიტ პარტიად მოიაზრებს.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია „რუსთავი 2“-ზე თავდასხმას მიუღებლად მიიჩნევს.

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მსგავსი განცხადება მედიას აზარალებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები